მცხეთობა-სვეტიცხოვლობა სადღესასწაულო ღონისძიებებით აღინიშნა

15/10/2018

მცხეთობა-სვეტიცხოვლობა სადღესასწაულო ღონისძიებებით აღინიშნა. სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში საზეიმო წირვა-ლოცვა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ აღავლინა. წირვას მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორი შალვა კერესელიძე, პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან და მთავრობის სხვა წევრებთან ერთად დაესწრო. მცხეთაში სადღესასწაულო ღონისძიებები მთელი დღის განმავლობაში იმართებოდა. მოეწყო სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშების გამოფენა-გაყიდვა, ჩატარდა კონცერტები, გაიმართა საკარნავალო მსვლელობა და საბავშვო სპექტაკლი. მცხეთის საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭათ ტოჩინოშინ ლევან გორგაძეს, სასულიერო პირს დავით ჯიშკარიანს, ნიჩბოსან ზაზა ნადირაძეს, ბავშვთა კარდიოქირურგ თორნიკე სოლოღაშვილსა და რეჟისორ გიორგი ოვაშვილს.
ღონისძიებას დაესწრო და შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა გუბერნატორმა შალა კერესელიძემ:

„მინდა ყველას, განსაკუთრებით კი მცხეთელებს, მოგილოცოთ დღევანდელი დღე, გისურვოთ მშვიდობა და ერთიანობა. დღეს საქართველოს პირველი სატახტო ქალაქის და მისი განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი ხუროთმოძღვრების ძეგლის სვეტიცხოვლის დღეს აღვნიშნავთ. ქალაქი მცხეთა თავისი ისტორიულ-კულტურული ღირსშესანიშნაობებით ყოველთვის დიდ შთაბეჭდილებას ახდენდა დამთვალიერებელზე და ასეა ახლაც. ჩვენთვის პრიორიტეტულია ქალაქის სამომავლო განვითარება. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მცხეთა კიდევ უფრო საინტერესო და მიმზიდველი ქალაქი გახდეს, როგორც ადგილობრივი მოსახლეობისთვის, ისე ტურისტებისთვის” – განაცხადა შალვა კერესელიძემ.

სადღესასწაულო ღონისძიებები გალა კონცერტით და ფოიერვერკით დასრულდა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0