გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი უწყებების წარმომადგენლებმა მცხეთა-მთიანეთში განხორციელებული და მიმდინარე პროგრამები შეაჯამეს და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრეს. განიხილეს არსებული გამოწვევების გადაჭრის გზები. შეხვედრას მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული შალვა კერესელიძე, სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს დირექტორის მოადგილე გიორგი ჯიბლაძე, სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები დაესწრნენ. აგრარული სექტორის განვითარების ხელშეწყობის, მაღალმთიანი დასახლებების გაძლიერებისა და ადგილობრივი მეწარმეებისა და ფერმერების მხარდაჭერის მიზნით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ, 2019 წელს, მცხეთა-მთიანეთში სხვადასხვა მიზნობრივი პროგრამა განახორციელა. დაფინანსების ჯამურმა მოცულობამ 12 მილიონამდე ლარი შეადგინა. რეგიონის მასშტაბით დაახლოებით 26 ჰექტარი ფართობის ბაღი გაშენდა. შესრულდა სამელიორაციო სამუშაოები და მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა სახნავ-სათესი მიწების გასარწყავების შესაძლებლობა.
„მცხეთა-მთიანეთში აგრარული სექტორის კიდევ უფრო გაძლიერება იყო და რჩება ჩვენს ერთ-ერთ ძირითად პრიორიტეტად. ამ მიმართულებით სახელმწიფოს შესაბამის უწყებებთან ერთად აქტიურად ვმუშაობთ. მინდა, მადლობა გადავუხადო გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს რეგიონში განხორციელებული მნიშვნელოვანი პროექტებისა და პროგრამებისთვის. მჯერა, მომავალში კიდევ უფრო მეტი სასიკეთო საქმე გაკეთდება“ – აღნიშნა სიტყვით გამოსვლისას მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა შალვა კერესელიძემ.