მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა თიანეთის მოსახლეობას შეხვდა

21/03/2019

მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული შალვა კერესელიძე, თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარესთან გიორგი წოწკოლაურთან და ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლებთან ერთად, თიანეთის სოფლებს ესტუმრა, მოსახლეობისთვის პრიორიტეტული საკითხები მოისმინა და მათთან ერთად დაგეგმილი და მიმდინარე პროექტების შესახებ ისაუბრა. მხარის რწმუნებულმა სოფელ ბოჭორმის საჯარო სკოლა მოინახულა და იქ არსებულ მდგომარეობას გაეცნო. სკოლას, სადაც განათლებას 6 მოსწავლე იღებს, მიმდინარე წელს რეაბილიტაცია ჩაუტარდება. სოფელში ასევე დაგეგმილია შიდა გზებისა და წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია.
შალვა კერესელიძემ ასევე დაათვალიერა ახლადრეაბილიტირებული საყდრიონის საბავშვო ბაღი და მომუშავე პერსონალს მხარდაჭერა აღუთქვა.

„2019 წელს მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელება იგეგმება, რომელიც ჩვენი მოსახლეობის საჭიროებებზე მაქსიმალურადაა მორგებული. აქტიურად ვთანამშრომლობთ ხელისუფლების შესაბამის უწყებებთან და ვმუშაობთ, რათა სამუშაოები დროულად და ხარისხიანად შესრულდეს, შედეგით კი რეგიონის თითოეულმა მცხოვრებმა ისარგებლოს“ – აღნიშნა შეხვედრაზე მხარის რწმუნებულმა შალვა კერესელიძემ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0