ძლიერი თოვისა და რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, მცხეთა-მთიანეთის რეგიონში საავტომობილო გზებზე გაწმენდითი სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება. დღეს მოსულმა უხვმა ნალექმა დუშეთის, თიანეთისა და მცხეთის მუნიციპალიტეტების სოფლებში საავტომობილო გზებზე გადაადგილებისა და ელექტროენერგიის მიწოდების პრობლემა შექმნა. საავტომობილო გზების დეპარტამენტისა და მუნიციპალიტეტების მერიების მიერ,
ავტოტრანსპორტის განვლადობის შენარჩუნებისათვის, მთელი დღის განმავლობაში აქტიურად მიმდინარეობდა როგორც ცენტრალური, ასევე სოფლებს შორის დამაკავშირებელი საავტომობილო გზების გაწმენდითი სამუშაოები, იყრებოდა ქვიშა-მარილის ნარევი. პარალელურად, ენერგო კომპანიის ბრიგადების მიერ, ელექტროენერგიის აღდგენის მიზნით, გატარდა შესაბამისი ღონისძიებები.
თიანეთის მუნიციპალიტეტში არსებულ ვითარებას მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული, პირველ მოადგილესთან, თიანეთის მუნიციპალიტეტის მერთან და სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო. დავით ნოზაძის თქმით, რეგიონში შემავალ ოთხივე მუნიციპალიტეტის მერთან აქტიური კომუნიკაცია აქვთ, რათა უამინდობის გამო შექმნილი პრობლემები დროულად აღმოიფხვრას. აღსანიშნავია, რომ ამინდის გაუმჯობესებისთანავე, გზების გაწმენდითი სამუშაოები დაიწყება იმ ლოკაციებზეც, სადაც ამ დროისათვის, ძლიერი თოვისა და ზვავსაშიშროების გამო, შესაბამისი ღონისძიებების გატარება ვერ ხერხდება.
მცხეთა-მთიანეთის რეგიონში საავტომობილო გზებზე გაწმენდითი სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება
07/02/2024