მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორმა გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო

08/08/2017

მცხეთის მუნიციპალიტეტში, 8 აგვისტოს რუსეთ – საქართველოს ომში დაღუპული გმირები გაიხსენეს. მცხეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ, მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორმა ლევან ზაუტაშვილმა, მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველმა მოადგილემ მადონა ჯიქიამ, ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ნუგზარ თინიკაშვილმა, გამგეობის თანამშრომლებთან, დაღუპული ჯარისკაცების ოჯახის წევრებსა და მეგობრებთან ერთად საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულ ჯარისკაცთა ხსოვნას პატივი მიაგეს და გმირთა მემორიალები და საფლავები ყვავილების გვირგვინებით შეამკეს. ომში გარდაცვლილთა საფლავებთან და მემორიალთან მათი სულის მოსახსენებელი პანაშვიდები აღევლინა. ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგეობის წინ მცირე ღონისძიება მოეწყო. მომღერალთა გუნდმა ,,შავლეგო“ შეასრულა, ახალგორის ღირსშესანიშნაობების ფოტომასალა გამოიფინა და გაიმართა ფლეშმობი. 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომში, მცხეთის მუნიციპალიტეტიდან არაერთი ჯარისკაცი და მოხალისე იბრძოდა, რომელთაგან ირაკლი მორბედაძე (ქსოვრისიდან), მამუკა ბეკურაშვილი (ბიწმენდიდან), გია რომელაშვილი (წინამძღვრიანთკარიდან), რეზო ახალკაცი და რეზო ალავერდაშვილი (ნიჩბისიდან) და ლევან მიდელაშვილი (ახალგორიდან), გმირულად დაიღუპნენ. 8 აგვისტო საქართველოს უახლეს ისტორიაში უმძიმესი დღეა. ამ ომიდან ცხრა წელი გავიდა, მაგრამ ის ტკივილი დღესაც არ მოშუშებულა. ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულ გმირებს ჩვენი ქვეყანა არასოდეს დაივიწყებს, ჯარისკაცთა ხსოვნას მუდამ პატივს მიაგებს და მომავალ თაობებს მათ მაგალითზე გაზრდის.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0