მცხეთაში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ახალი შენობა გაიხსნა

30/07/2019

საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების მცხეთის რაიონული ცენტრს ახალი ადმინისტრაციული შენობა გადაეცა და სასწრაფოს ორი ავტომობილი უახლესი, ევროსტანდარტების შესაბამისი სპეცმანქანით ჩანაცვლდა. ფილიალი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორ ავთანდილ თალაკვაძესთან, მცხეთის მაჟორიტარ დეპუტატ დიმიტრი ხუნდაძესთან და ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელ პირებთან ერთად გახსნა. მინისტრი პერსონალს პირადად გაესაუბრა და ახალ სამუშაო გარემოს მათთან ერთად გაეცნო.
საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ადმინისტრაციული ფართი სასწრაფო სამედიცინო დახმარების სპეციფიკის გათვალისწინებითაა დაპროექტებული და სრულად არის აღჭურვილი როგორც საყოფაცხოვრებო, ისე კომპიუტერული ინვენტარით. ადგილზე პერსონალისთვის სამუშაო და მოსასვენებელი ყველა პირობაა შექმნილი. სამედიცინო სახარჯი მასალის შენახვისთვის, სპეციალური ოთახია გამოყოფილი. შენობის გარე პერიმეტრი კი, სასწრაფოს ავტოპარკის განსათავსებლად არის მოწყობილი.
საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრისთვის ადმინისტრაციული შენობებით უზრუნველყოფის პროექტს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ერთად ახორციელებს. დღეისთვის, ახალ შენობებში განთავსებულია ფოთის, ბორჯომის, ხონის, ქობულეთის, საჩხერის, ახალციხის, თელავის, ჩოხატაურისა და აბაშის რაიონული სამსახურები.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0