მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაციისა და რეგიონული განვითარების სააგენტოს ინიციატივით, მცხეთაში ეთნო-კულტურული და ბიზნეს-ცენტრი გაიხსნა.
წარმოდგენილი იყო ტრადიციული ხელოსნობისა და გამოყენებითი ხელოვნების ნაწარმი, მოეწყო რეგიონული პროდუქტების გამოფენა-დეგუსტაცია.
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ მთავრობის, მუნიციპალიტეტების, საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და ცალკეული დარგის სპეციალისტები, შემოქმედებითი ჯგუფები.
სახელმწიფო რწმუნებულმა-გუბერნატორმა გოჩა ზეიკიძემ ისაუბრა რეგიონის განვითარების მიზნებსა და გამოწვევებზე, რეგიონული განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელმა შალვა გივიშვილმა კი სააგენტოს მიერ გაწეული მუშაობისა და ეთნო-კულტურული ცენტრის მიზნების შესახებ მოკლე მიმოხილვა გააკეთა.
დამსწრე საზოგადოებას შთაბეჭდილებები გაუზიარეს და სამომავლოდ აქტიური თანამშრომლობის მზაობა გამოთქვეს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ გოჩა ცოფურაშვილმა, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის წარმომადგენელმა მამუკა მესხმა, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის დირექტორმა ნატო ჩიქოვანმა, თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ლელა ქიტესაშვილმა, მცხეთის მერმა ავთანდილ ნემსიწვერიძემ, თბილისის ბიზნესტრენინგების ცენტრის დირექტორმა მალხაზ შუბითიძემ და სხვებმა.
მცხეთის ეთნო-კულტურული და ბიზნეს-ცენტრი სულ მალე კულტურის მნიშვნელოვან კერად, მეწარმეობის განვითარების ხელშემწყობ და ინვესტიციების მოზიდვის მექანიზმად იქცევა. მას საერთაშორისო კულტურის ცენტრის დატვირთვაც ექნება. აქ პერიოდულად მოეწყობა მეგობარი ქვეყნების დღეები (სხვადასხვა სახის თემატური გამოფენები), აღინიშნება საერთაშორისო დღესასწაულები და სხვა ღირსშესანიშნავი დღეები.
მცხეთაში ეთნო-კულტურული ცენტრი გაიხსნა
29/09/2016