2019 წლიდან, მცხეთის ტურისტულ მარშრუტს კიდევ ერთი საინტერესო ადგილი შეემატება. ძველი კინოთეატრის შენობის ბაზაზე, ახალი თანამედროვე სტანდარტების არქეოლოგიური მუზეუმის მშენებლობა დაიწყო. მშენებლობის დაწყებას , საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრთან ზურაბ ალავიძესთან ერთად, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს გენერალური დირექტორი ნიკოლოზ ანთიძე, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი კაპანაძე, მცხეთა-მთიანეთის მხარის გუბერნატორი ლევან ზაუტაშვლი, მცხეთის მაჟორიტარი დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. პროექტი, მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ ხორციელდება და მისი ღირებულება 8 მილიონ ლარს აჭარბებს. ძველი ნაგებობის რეკონსტრუქციის შედეგად, შენობაში განთავსდება საგამოფენო და საკონფერენციო სივრცეები, ფონდსაცავები, კაფეტერია და სხვა დამხმარე ვიზიტორთა თუ ადმინისტრაციული სათავსები. პროექტი შემუშავდა UNESCO -ს მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრის მეთოდოლოგიური მითითებების მიხედვით, მუზეოგრაფიის ყველა თანამედროვე სტანდარტის დაცვით. საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მცხეთის არქეოლოგიური მუზეუმი 2019 წლიდან ახალ სენობაში განთავსდება.
მცხეთაში არქეოლოგიური მუზეუმის მშენებლობა დაიწყო
13/03/2018