მშენებლობის სექტორში გაჩნდა ძალიან ბევრი ახალი, თანამედროვე ტექნოლოგია

28/04/2023

ვიცე-პრემიერი ლევან დავითაშვილი უძრავი ქონების საერთაშორისო კვირეულის გახსნით ღონისძიებას დაესწრო.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ სამინისტრო აქტიურად მუშაობს სამშენებლო სექტორის ევროპულ მოდელთან დაახლოებასა და ევროკოდების იმპლემენტაციაზე; ითარგმნა ევროპული სტანდარტების კრებული და მიმდინარეობს მუშაობა ეროვნული დანართების შემუშავებაზე. ამასთან, მინისტრის ინფორმაციით, მშენებლობის სექტორში გავრცელებული სამშენებლო მასალების, მშენებლობის პრაქტიკისა და ევროკოდების დანერგვისთვის მიმდინარეობს ევრონორმების იმპლემენტაციის პროცესის კოორდინირება.

„მშენებლობის სექტორში გაჩნდა ძალიან ბევრი ახალი, თანამედროვე ტექნოლოგია და ვფიქრობ, სწორი მიდგომაა, მშენებლობის ბიზნესის როგორც უძრავი ქონების სექტორის წარმოჩენა. ეკონომიკის სამინისტრო აქტიურად ეხმარება დარგობრივ ასოციაციებს, რომ გამარტივდეს სექტორის წარმომადგენლებს შორის კომუნიკაცია და ამასთან, გავაცნოთ ჩვენი საინვესტიციო პოტენციალი შესაბამის ინვესტორებს“, – აღნიშნა მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას.

ვიცე-პრემიერის შეფასებით, ქვეყნისთვის ასევე უმნიშვნელოვანესია ერთიანი სივრცითი გეგმის მომზადება, სადაც გათვალისწინებული იქნება ეკონომიკური, ეკოლოგიური თუ სოციალური ასპექტები, რათა ქვეყანას ჰქონდეს განვითარების მდგრადი და სწორი ხედვა. „ექსპო ჯორჯიაში“ მიმდინარე კვირეულის ფარგლებში დაგეგმილია არაერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება სამშენებლო და უძრავი ქონების მიმართულებებით, რაც ხელს შეუწყობს აღნიშნული სექტორის განვითარებას და საქართველოს საინვესტიციო პოტენციალის საერთაშორისო პარტნიორებისთვის გაცნობას.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0