თბილისის მერიაში მუნიციპალიტეტის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე, დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ რამდენიმე განცხადება გააკეთა და სამშენებლო ობიექტების ინსპექტირების შედეგებზე ისაუბრა. მისი თქმით, ამ ეტაპზე, სამი ობიექტი გამოვლინდა, სადაც სამშენებლო უსაფრთხოების წესებია დარღვეული და სამივე მათგანი 30 000 ლარით დაჯარიმდა.
„როგორც იცით, მუნიციპალური ინსპექცია მუდმივად ახორციელებს, მშენებარე ობიექტების მიერ სამშენებლო ნორმებისა და უსაფრთხოების წესების შესრულების მონიტორინგს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ ამ გამოწვევაზე არაერთხელ გვისაუბრია. გვახსოვს 2017 წელს, როდესაც ხელისუფლებაში მოვედით, რამდენად მძიმე მდგომარეობა გვქონდა ამ მიმართულებით და როგორი თანმიმდევრული ნაბიჯები გადავდგით. მოხდა საკანონმდებლო ცვლილებები და გარკვეულ დარღვევებს, რომელიც შეთანხმებული პროექტიდან გადახვევით იქნება განხორციელებული, მოჰყვება შესაბამისი რეაგირება. მონიტორინგის შედეგად, გამოვავლინეთ სამი ობიექტი, სადაც დარღვეული იყო სამშენებლო უსაფრთხოების წესები. ერთი ობიექტი ჭიჭინაძის ქუჩა N2ბ-ში მდებარეობს და მას უსაფრთხოების მიმართულებით აქვს დარღვევები. მეორე ობიექტი ისნის რაიონშია, ახალუბნის ქუჩა N11-ში. მესამე კი, დიდ დიღომში, დოესის ქუჩა 22/5-ზე მიმდინარე მშენებლობაა. სამივე ობიექტზე შეჩერებულია სამშენებლო სამუშაოები, შეჩერების აქტი ჩაბარებულია და სამივე მათგანი 30 000 ლარით დაჯარიმდა“, – აღნიშნა კახა კალაძემ.
დედაქალაქის მერმა კიდევ ერთხელ მოუწოდა სამშენებლო ობიექტების პასუხისმგებელ პირებს, რომ მეტი პასუხისმგებლობით მიუდგნენ სამშენებლო პროცესებს.
„თქვენ იცით, ამას რამდენად დიდი ყურადღება ეთმობა იმისთვის, რომ იქ მომუშავე ადამიანების უსაფრთხოება იყოს პირველ რიგში დაცული. მათი ხელმძღვანელებიც პირდაპირ ვალდებული არიან, რომ სამშენებლო მოედნებზე უზრუნველყოფილი იყოს იქ მომუშავე ადამიანების უსაფრთხოება. სამშენებლო ობიექტებსა და მათ მფლობელებს, კონკრეტულ პასუხისმგებელ პირებს, ვისაც ევალება უსაფრთხოების ნორმების დაცვა, მოვუწოდებ, მეტი პასუხისმგებლობით მიუდგნენ სამშენებლო პროცესებს, რადგან საქმე ეხება უსაფრთხოებას, ადამიანის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას. ასევე, მინდა კიდევ ერთხელ მივმართო მუნიციპალურ ინსპექციას და ჩემს მოადგილეს, კახა გულედანს, რომ მაქსიმალური ყურადღება და ყოველდღიური მონიტორინგი გააგრძელონ, რათა მკაცრად გაკონტროლდეს უსაფრთხოების ნორმების შესრულება სამშენებლო ობიექტებზე“, – განაცხადა თბილისის მერმა.
კახა კალაძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ვანდალიზმის ფაქტებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ პარკებსა და სკვერებში ბოლო დღეების განმავლობაში, განათების ბოძებს დამცავ ხუფებს ხსნიან. დედაქალაქის მერმა აღნიშნული ფაქტების დამადასტურებელი ფოტომასალაც წარმოადგინა და აღნიშნა, რომ მუნიციპალიტეტი დაზიანებულ ინვენტარს სრულად აღადგენს.
„ვანდალიზმი ძალიან მტკივნეულია ჩვენთვის, ქალაქისთვის და სამწუხაროდ, ხშირად ფიქსირდება ფაქტები, როდესაც ახლად რეაბილიტირებულ, მოწესრიგებულ სივრცეებში მიზანმიმართულად აზიანებენ ინფრასტრუქტურას. ბოლო დღეების განმავლობაში, სკვერებსა და პარკებში განათების ბოძებს ხსნიან დამცავ ხუფებს. ასეთ ფაქტებს ყოველთვის აქვს შესაბამისი რეაგირება – ხდება დაზიანებული ინვენტარის აღდგენა და განათების ბოძებზე მოპარული ხუფების თავიდან მონტაჟი, მაგრამ თავად ფაქტი დიდი პრობლემაა“, – განაცხადა კახა კალაძემ.
თბილისის მერმა ვანდალიზმის ჩამდენ პირებს შეახსენა, რომ მათი ქმედებები მოქალაქეებს საფრთხეს უქმნის.
„მინდა, ვანდალიზმის ჩამდენ პირებს მივმართო – რასაც თქვენ აკეთებთ, ეს არის უმძიმესი დანაშაული. ამით საფრთხეს უქმნით ჩვენს თანამოქალაქეებს, მათ უსაფრთხოებას, პარკში მყოფ ნებისმიერ დამსვენებელს“, – აღნიშნა კახა კალაძემ.
მანვე აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, მოქალაქეებს ინფორმაციის მოწოდებისკენ, ხოლო დედაქალაქის გამგეობების წარმომადგენლებს მონიტორინგის გაგრძელებისკენ მოუწოდა.
„მოგმართავთ თქვენ, მოქალაქეებს თხოვნით, ნუ აუვლით გულგრილად გვერდს მსგავს ფაქტებს, დააფიქსირეთ და მოგვაწოდეთ ყოველი ასეთი შემთხვევა მერიის ცხელ ხაზზე ან მუნიციპალიტეტის სოციალური გვერდების მეშვეობით. გამგეობებს კი ვავალებ, კიდევ უფრო გაასმაგებული ყურადღებით განაგრძონ მონიტორინგი და დაზიანებულის აღდგენა“, – განაცხადა კახა კალაძემ.
გარდა ამისა, თბილისის მერი სპორტულ ცენტრ „იმედის“ აუზთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ვიდეო გადაღებულია ზაფხულში, სადაც ასახულია პერსონალის მიერ აუზიდან წყლის სინჯის აღების პროცესი.
მისი განცხადებით, ინფორმაციის გავრცელებისთანავე, მყისიერად ჩატარდა აუზის წყლის ტესტირება, ასევე, დამატებით ორი კომპლექსური კვლევა, რომელმაც ქლორისა და ph-ის მაჩვენებლების ნორმებთან შესაბამისობა აჩვენა.
„სამწუხაროდ, კონკრეტული მედიასაშუალების მხრიდან ადგილი აქვს საცურაო აუზისა და ბავშვების თემით მანიპულირების ფაქტს და სიცრუის პროპაგანდას. საქმე ეხება სპორტულ ცენტრ „იმედს“, სადაც გადაღებული ვიდეომასალა სოციალური ქსელის ერთ-ერთმა მომხმარებელმა, გასულ კვირას გამოაქვეყნა. ამას მოჰყვა ჩვენი მხრიდან შესაბამისი რეაგირება, განცხადებების გავრცელება და ა.შ. მოქალაქის ინფორმაციით, ვიდეოში ასახულია ბავშვებით სავსე საცურაო აუზში, წყლის ქიმიური დამუშავების პროცესი (კერძოდ, ქლორის დამატება), რის გამოც, რამდენიმე დღის წინ თითქოს, ბავშვებმა და მწვრთნელებმა მიიღეს სხეულის ინტოქსიკაცია. ინფორმაციის გავრცელებისთანავე, მყისიერად ჩატარდა აუზის წყლის ტესტირება, რომელმაც აჩვენა, რომ ქლორი და ph-ის მაჩვენებლები ნორმის ფარგლებშია. ასევე, სპორტული ცენტრის ადმინისტრაციის მოკვლევით, ამ დღეების განმავლობაში, არცერთი ბავშვი არ იმყოფებოდა სამედიცინო დაწესებულებაში, რაც ინტოქსიკაციის შემთხვევაში უნდა მომხდარიყო“, – განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, გარდა ამისა, ჩატარდა დამატებით ორი კომპლექსური კვლევა, რომელშიც ყველაფერი წესრიგშია.
„ამის მიუხედავად, ჩავატარეთ დამატებით ორი კომპლექსური კვლევა, გარდა იმისა, რომ ყოველდღიურად ხდება წყლის სინჯების აღება და კვლევის პასუხებიც გვაქვს. ყველაფერი აბსოლუტურად ნორმაშია და პრობლემას არაფერი წარმოადგენს“, – აღნიშნა თბილისის მერმა.
კახა კალაძის თქმით, პრობლემას წარმოადგენს სპორტული ცენტრის კონკრეტული თანამშრომლების მიერ სიცრუის მიზანმიმართული გავრცელება, რასაც მერიის მხრიდან შესაბამისი რეაგირება მოჰყვება.
„პრობლემა არის იქ მომუშავე რამდენიმე თანამშრომელი, რომლებმაც გაავრცელეს მიზანმიმართული სიცრუე და ადამიანების შეცდომაში შეყვანას შეეცადნენ. ჩვენი მხრიდან ამას მოჰყვება შესაბამისი რეაგირება. არ მინდა ვისაუბრო იმ რეალურ პრობლემაზე, რაც არის და რაც აქვს იმ კონკრეტულ თუ ყოფილ თანამშრომელს, თუმცა, რა თქმა უნდა, პრობლემა მოგვარდება და შესაბამისი გადაწყვეტილებები იქნება მიღებული. ასეთი თემებით საზოგადოების მანიპულირება სამარცხვინო და სამწუხაროა, მაშინ, როდესაც ჩვენი მუნიციპალიტეტი, შესაბამისის სამსახურები ყოველთვის მზად არიან, ნებისმიერ შეკითხვას გასცენ კომპეტენტური პასუხი. რას ვიზამთ, ეს თქვენი გადაწყვეტილებაა და თქვენ დღის წესრიგში ჩვენ ვერ ჩავერევით, თუმცა, მე, როგორც დედაქალაქის მერი, ვალდებული ვარ, ყოველთვის მივაწოდო საზოგადოებას სიმართლე. ეს ყველაფერი მიზანმიმართულად დაამთხვიეს ტრაგედიას, რომელიც თავს დაგვატყდა და რომელიც თავზარდამცემი იყო. სპეციალურად მანიპულირებენ აღნიშნული თემით, რომ თითქოს, ბავშვების ყოფნის დროს საცურაო აუზში ჩაყარეს ქლორი. ამაზე დიდი მავნებლობა რა უნდა იყოს. ჩვენ გავაგრძელებთ საქმის კეთებას და, რა თქმა უნდა, საზოგადოებას ყოველთვის მივაწვდით ინფორმაციას“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.
მისივე თქმით, აუზში წლის ქიმიური დამუშავებისთვის გამოიყენება ესპანური წარმოების ქლორი DIASA, რომელსაც შესაბამისი სერტიფიკატები გააჩნია. დედაქალაქის მერმა ინფრასტრუქტურულ პროექტებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ საბურთალოს რაიონის გამგეობამ დიდ დიღომში, თეიმურაზ პირველის ქუჩაზე საგზაო სამუშაოები დაასრულა.
„აღნიშნულ ქუჩაზე, რომელიც დიდი დიღმის დასახლებაში ორ მთავარ ქუჩას – მირიან მეფისა და დემეტრე თავდადებულის ქუჩებს აკავშირებს, ამ დრომდე ასფალტის საფარი არ არსებობდა. იყო გრუნტის გზა, რომელიც განსაკუთრებით ზამთარსა და წვიმიან ამინდში, გადაადგილების მხრივ დიდ პრობლემას წარმოადგენდა. აღნიშნულ მონაკვეთზე მოეწყო საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის განკუთვნილი მოსაცდელები, დაიხაზა შუქნიშნით აღჭურვილი ზებრა გადასასვლელი და საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის განკუთვნილი სპეციალური ზოლი. აღნიშნულ ზოლს გამოიყენებს ავტობუსებისა და მიკროავტობუსების 11 მარშრუტი, რომლითაც დღის განმავლობაში, ჯამურად, 60 000 მგზავრი სარგებლობს“, – განაცხადა კახა კალაძემ.
ამასთან, თბილისის მერმა აღნიშნა, რომ დედაქალაქში საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები კიდევ 218 ოჯახს გადაეცემა.
მისი თქმით, ეს ოჯახები დიდი ხანია ელოდნენ იმას, რომ საცხოვრებელი ფართები, სადაც წლებია ცხოვრობდნენ, მათი საკუთრება გამხდარიყო.
„დაუკანონებელი ქონების საკუთრებში გადაცემა ძალიან მნიშვნელოვანი პროგრამაა. მისი განხორციელება 2017 წლიდან დავიწყეთ. ამ ეტაპზე, სამგორის რაიონში ქონება დაუკანონდა 77 ოჯახს. ვაკის რაიონში საკუთრებაში ფართები 57 ოჯახს გადაეცემა, ნაძალადევის რაიონში – 26 ოჯახს, გლდანში – 31 ოჯახს, საბურთალოს რაიონში – 21-ს, ისანში – ხუთს, ჩუღურეთის რაიონში კი ერთ ოჯახს“, – განაცხადა კახა კალაძემ.
მისი თქმით, მოქალაქეებმა, რომლებსაც მსგავსი პრობლემები აქვთ, თავიანთი რაიონების გამგეობებს უნდა მიმართონ.
„მათ, ვისაც მსგავსი პრობლემები აქვთ, შეუძლიათ მიმართონ თავიანთი რაიონის გამგეობებს და წარადგინონ შესაბამისი საბუთები, რათა დაიწყონ საცხოვრებელი ფართების საკუთრებაში გადაცემის პროცესი“, – აღნიშნა კახა კალაძემ.