პარლამენტმა პირველი მოსმენით განიხილა და 76 ხმით 3-ის წინააღმდეგ „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში“ შესატანი ცვლილებები მიიღო. ორგანული კანონის პროექტით, წესრიგდება მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის შექმნის წესთან, ფრაქციის შექმნის მსურველი მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების მიერ ფრაქციის წესდების შემუშავებასთან და საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შესრულების წესთან დაკავშირებული საკითხები.
პროექტის თანახმად:
• ერთი პოლიტიკური პარტიის წარდგენით არჩეულ მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრებს უფლება არა აქვთ, შექმნან ერთზე მეტი ფრაქცია;
• ახლად შექმნილი ფრაქციის რეგისტრაციისთვის პოლიტიკური პლატფორმის შემუშავების ვალდებულება ამოღებული იქნება და დარჩება მხოლოდ წესდების შემუშავების ვალდებულება;
• განისაზღვრება საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შესრულების ახლებური წესი;
• მუნიციპალიტეტების საკრებულოების თანამდებობის ჩამონათვალს ემატება საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილის თანამდებობა;
• მუნიციპალიტეტების საკრებულოების თავმჯდომარეს ეყოლება 3 მოადგილე, მათ შორის, პირველი მოადგილე;
პროექტის ერთ-ერთი ინიციატორის, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის, სოზარ სუბარის განცხადებით, ცვლილებების თანახმად, შესაძლებელი იქნება მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარეს გაეზარდოს მოადგილეების რაოდენობა. კერძოდ, ფრაქციის თავმჯდომარეს ფრაქციის პირველ სამ წევრზე ეყოლება ერთი მოადგილე, ხოლო შემდეგ ყოველ მეხუთე წევრზე დამატებით ერთი მოადგილე.
„წარმოდგენილი ცვლილებებით, იზრდება ფრაქციის როლი და სტატუსი და შესაბამისად, საკრებულოებშიც მოხდება პარლამენტის შესაბამისი რეგულირება. რაც შეეხება თანამდებობებს, თანამდებობების რაოდენობა, რომლებიც საკრებულოებში იქნება მთელი ქვეყნის მასშტაბით, პრაქტიკულად, იგივე რჩება, თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ ფრაქციის თავმჯდომარეს აქვს მეტი ხელფასი, ვიდრე ფრაქციის მოადგილეს და მცირდება სერიოზულად ფრაქციის თავმჯდომარეების რაოდენობა, ეს რაიმე სერიოზულ გავლენას ბიუჯეტის ზრდაზე არ მოახდენს, უფრო პირიქით, ბიუჯეტი გარკვეულწილად შემცირდება“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.
მისივე განმარტებით, ცვლილებების დაჩქარებული წესით განხილვა განპირობებულია იმ გარემოებით, რომ მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული ცვლილებების მიღება ახლად არჩეული საკრებულოების მუშაობის დაწყებამდე.