მუნიციპალიტეტების საქმიანობაში მოქალაქეთა ჩართულობა არის მნიშვნელოვანი გამოწვევა

12/11/2021

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თემატური მოკვლევის სამუშაო ჯგუფის მორიგი სხდომა გაიმართა თემაზე: „მუნიციპალიტეტების საქმიანობაში მოქალაქეთა ჩართულობის მდგომარეობის შესწავლის შესახებ“. სამუშაო ჯგუფმა დღეს იმ არასამთავრობო ორგანიზაციებსა და დარგის ექსპერტებს მოუსმინა, რომელთაც საკუთარი მოსაზრებების გადმოგზავნით თემატურ მოკვლევაში მონაწილეობის სურვილი დაადასტურეს. ზეპირი მოსმენების მიზანია, თემატური მოკვლევის ჯგუფმა და დაინტერესებულმა მხარეებმა, მუნიციპალიტეტების საქმიანობაში მოქალაქეთა მონაწილეობის მიმართულებით არსებულ მდგომარეობაზე, საკუთარი მოსაზრებები გაცვალონ და იმსჯელონ გამოთქმულ რეკომენდაციებზე.

„მუნიციპალიტეტების საქმიანობაში მოქალაქეთა ჩართულობა არის მნიშვნელოვანი გამოწვევა და ჩვენი მიზანია, მაქსიმალურად დავხვეწოთ ის მექანიზმები და საშუალებები, რომლითაც მოქალაქეებს საშუალება მიეცემათ ლოკალური დონის პრობლემების წამოჭრასა თუ განხორციელებაში თავადვე მიიღონ მონაწილეობა, გაუწიონ მონიტორინგი სხვადასხვა პროექტების შესრულებას და აქტიურად ჩაერთონ თავიანთი ცხოვრების გაუმჯობესებაში“, – განაცხადა თემატური მოკვლევის ჯგუფის ხელმძღვანელმა ეკა სეფაშვილმა.

სხდომაზე მოწვეულმა ორგანიზაციებმა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრებები და რეკომენდაციები წარმოადგინეს, რის შემდეგ შეხვედრა კითხვა-პასუხის ფორმატში წარიმართა.

„თვითმმართველობა არის ხელისუფლების ის შტო, რომელიც ყველაზე ახლოს დგას მოსახლეობასთან და ყველაზე მეტად ასახავს მათ განწყობებსა და სურვილებს. შესაბამისად, მოქალაქეთა ჩართულობა თვითმმართველობის განხორციელებაში ძალიან მნიშვნელოვანია. თემატური მოკვლევის მიზანია გავერკვიოთ რა მდგომარეობაა ამჟამად და რა ნაბიჯები უნდა გადავდგათ იმისთვის, რომ მოქალაქეთა ჩართულობა იყოს უფრო მაღალი და ეფექტური“, – განაცხადა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოზარ სუბარმა.

მოკვლევის შედეგად მიღებული დასკვნების საფუძველზე რეკომენდაციები შემუშავდება და საჭიროების შემთხვევაში, საკანონმდებლო ცვლილებებიც დაინიცირდება, რომელიც ხელს შეუწყობს უკეთესი, მოქალაქეზე ორიენტირებული ევროპული ტიპის თვითმმართველობის განვითარებას და მონაწილეობით დემოკრატიის გაძლიერებას.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0