მუნიციპალიტეტების თანამშრომლებისთვის კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსები გრძელდება

14/11/2018

მუნიციპალიტეტების თანამშრომლებისთვის კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსები გრძელდება. ამჯერად, გორში თვითმმართველობის წარმომადგენლებისთვის სწავლება ინფრასტრუქტურული პროექტების მართვის თემაზე გაიმართა, რომელსაც ხუთი მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი დაესწრო. სწავლების მიზანია ადგილობრივი თვითმმართველობების თანამშრომელთა ცნობიერების ამაღლება, როგორც ინფრასტრუქტურული პროექტების ციკლის მართვის საკითხებთან, ისე განხორციელებისა და მონიტორინგის ეტაპებთან დაკავშირებით. სწავლების კურსს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე, მზია გიორგობიანი დაესწრო. როგორც მან განაცხადა, სამინისტრო მომავალშიც აქტიურად დაუჭერს მხარს მსგავსი კურსების გაგრძელებას სხვადასხვა რეგიონში.

“ეს ღონისძიებები მიმართულია მუნიციპალიტეტების თანამშრომელთა კვალიფიკაციის ასამაღლებლად. დღევანდელი კურსი ინფრასტრუქტურული პროექტების მართვის ციკლის სწავლებას ეძღვნებოდა. ვფიქრობ, ამგვარი ღონისძიებები ძალიან მნიშვნელოვანია“-განაცხადა მზია გიორგობიანმა.

როგორც პროგრამითაა გათვალისწინებული, სწავლების დასასრულს დამსწრეებს უნდა შეეძლოთ: ინფრასტრუქტურული საპროექტო იდეისთვის ლოგიკური ჩარჩოს მომზადება, რისკის შეფასების განხორციელება და რისკების შერბილების ცხრილის მომზადება, ტექნიკური დავალების პროექტის მომზადება ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის და ზედამხედველობისთვის, შესრულებისა და მონიტორინგის ინდიკატორების, როგორც მართვის ინსტრუმენტის, გამოვლენა და გამოყენება.
სწავლების საბოლოო მიზანია მონაწილეებმა შეძლონ ინფრასტრუქტურული პროექტის ციკლის მართვასთან დაკავშირებით მიღებული ცოდნის გამოყენება ინფრასტრუქტურული პროექტების მომზადებისას, მართვისას და მონიტორინგისას.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0