მუზეუმების კოლექციების საინფორმაციო სისტემის პრეზენტაცია გაიმართა

23/09/2016

23 სექტემბერს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში საქართველოს მუზეუმების კოლექციების საინფორმაციო სისტემის პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიებას მინისტრი მიხეილ გიორგაძე გაუძღვა. პრეზენტაციას დაესწრნენ მინისტრის მოადგილე ლევან ხარატიშვილი, სსიპ საფინანსო – ანალიტიკური სამსახურის, მუზეუმების წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები.
საქართველოს მუზეუმების კოლექციების საინფორმაციო სისტემის – egmc.gov.ge – შექმნის მიზანს წარმოადგენს საქართველოს სამუზეუმო ფასეულობათა აღრიცხვისა და მართვის მოქნილი, ერთიანი ცენტრალიზებული სისტემის უზრუნველყოფა, რომლის საშუალებითაც მარტივად ხელმისაწვდომი იქნება სამუზეუმო ფონდის შესახებ სისტემატიზებული მონაცემების მოპოვება და სტატისტიკური ანგარიშების მომზადება.
ამჟამად, დასრულებულია სისტემის შექმნის პროცესი, ასევე, მომზადებულია საინფორმაციო სისტემის მომხმარებელთა სახელმძღვანელო. ამ ეტაპზე ბაზაში, ტესტირების რეჟიმში, სამინისტროს სისტემაში შემავალი 6 სსიპ მუზეუმია ჩართული – საქართველოს ეროვნული მუზეუმი, გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი, საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმი, საქართველოს ხალხური და გამოყენებითი ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმი, აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმი, ქართული ხალხური სიმღერისა და საკრავების სახელმწიფო მუზეუმი. აღნიშნულ მუზეუმებში სისტემა ოქტომბრიდან დაინერგება. 2017 წლიდან საქართველოს მუზეუმების კოლექციების საინფორმაციო სისტემაში ყველა სსიპ მუზეუმი, ხოლო 2018 წლიდან, მუნიციპალური მუზეუმები ეტაპობრივად ჩაირთვებიან.
პროექტი განხორციელდა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სსიპ – ,,საფინანსო-ანალიტიკური სამსახურის“ მიერ. სისტემის ადმინისტრირებას უზრუნველყოფს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მუზეუმების სამმართველო.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0