რუსთავის რაიონული პროკურატურის ორგანიზებით, პროექტ „ადგილობრივი საბჭოს“ ფარგლებში მუდმივმოქმედი საბჭოს პრეზენტაცია გაიმართა. შეხვედრას საქართველოს პროკურატურის, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს, ქ. რუსთავის მერიის და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ. პროექტის კოორდინატორმა, საქართველოს მთავარი პროკურატურის საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის ანალიტიკური სამმართველოს პროკურორმა ნინო ცაციაშვილმა და რუსთავის რაიონულმა პროკურორმა კონსტანტინე სირაძემ შეხვედრის მონაწილეებს მიაწოდეს ინფორმაცია პროექტ „ადგილობრივი საბჭოს“ მიზნების და ფუნქციების შესახებ. შეხვედრაზე წარმოდგენილი იქნა საქართველოს პროკურატურის მიერ მომზადებული კვლევები ოჯახში ძალადობისა და 16 წელს მიუღწეველ პირთან სქესობრივი კავშირის თემაზეც. დამსწრე პირებმა იმსჯელეს რეგიონში გავრცელებული დანაშაულების გამომწვევ მიზეზებზე, საზოგადოებრივად სასარგებლო შრომის გააქტიურებაზე და დაგეგმეს პრევენციული ღონისძიებები. ადგილობრივი საკოორდინაციო ორგანო „ადგილობრივი საბჭო“ რეგიონალურ დონეზე საკოორდინაციო ორგანოს წარმოადგენს, რომელშიც სამართალდამცავი ორგანოების, აღმასრულებელი ხელისუფლების, ადგილობრივი თვითმმართველობის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საზოგადოების სხვა წევრები არიან გაწევრიანებული. პროექტის მიზანია რეგიონში არსებული კრიმინოგენური მდგომარეობის შესწავლა, განხილვა, ანალიზი და პრევენციული ღონისძიებების დაგეგმვა და ჩატარება. რუსთავის რაიონული პროკურატურის ორგანიზებით, ადგილობრივი საბჭო პერიოდულად შეიკრიბება და რეგიონში არსებულ კრიმინოგენურ მდგომარეობას განიხილავს. ასევე, შეიმუშავებს ინიციატივებს და მიიღებს გადაწყვეტილებებს რეგიონისთვის საჭირო პრევენციულ ღონისძიებებთან დაკავშირებით.
მუდმივმოქმედი საბჭოს პრეზენტაცია გაიმართა
04/11/2016