თბილისის მერიაში მუნიციპალიტეტის 2023 წლის მთავრობის პირველი სხდომა გაიმართა. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე, დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ რამდენიმე განცხადება გააკეთა და საახალწლო ღონისძიებებში ჩართულობისთვის მუნიციპალიტეტის თანამშრომლებს, კერძო სექტორის წარმომადგენლებსა და მეწარმეებს მადლობა გადაუხადა.
მისი თქმით, მადლობას იმსახურებს ყველა, ვინც მონაწილეობა მიიღო იმაში, რომ თბილისის სტუმრებს სადღესასწაულო დღეები საინტერესოდ და ხალისიანად გაეტარებინათ.
„მინდა, კიდევ ერთხელ მივულოცო ჩვენს მოქალაქეებს ახალი წელი, შობა, ძველით ახალი წელი. ყველას გისურვებთ წარმატებებს, წინსვლას, დღეგრძელობას, ბედნიერებას და რაც მთავარია, მშვიდობასა და სულიერ სიმშვიდეს. 2023 წლის შობა-ახალი წლის დღესასწაულისადმი მიძღვნილი ღონისძიებები ახლახან დასრულდა და მინდა, გაწეული შრომისთვის მადლობა გადავუხადო თბილისის მერიის თითოეულ თანამშრომელს, ყველას ვინც ჩართული იყო პროცესში და ყველაფერი გააკეთა, რომ თბილისელებს და ჩვენი ქალაქის სტუმრებს სადღესასწაულო დღეები საინტერესოდ და ხალისიანად გაეტარებინათ. გარდა ამისა, მადლობას ვუხდი კერძო სექტორის წარმომადგენლებს, რომლებიც ამ პროცესებში იყვნენ ჩართული. მათ სხვადასხვა ადგილი, სკვერი, პარკი გაალამაზეს. დარწმუნებული ვარ, რომ მომავალ წელს კიდევ უფრო გაიზრდება ასეთი კომპანიების რიცხვი. ასევე, მადლობა ყველა მეწარმეს, ვინც „საახალწლო სოფლის“ მოწყობაში იყო ჩართული და ქმნიდა სასიამოვნო გარემოს იქ მისული ადამიანებისთვის“, – აღნიშნა თბილისის მერმა.
კახა კალაძემ მადლობა გადაუხადა ქართული ესტრადის წარმომადგენლებს, რომლებიც სხვადასხვა ღონისძიებაში ყოველდღიურად მონაწილეობდნენ. გარდა ამისა, დედაქალაქის მერმა განსაკუთრებული მადლობა შინაგან საქმეთა სამინისტროს და შს მინისტრს, ვახტანგ გომელაურს გადაუხადა.
„განსაკუთრებული მადლობა შინაგან საქმეთა სამინისტროს და ვახტანგ გომელაურს. ასევე, შსს-ს თითოეულ თანამშრომელს, ვინ ჩვენს მოქალაქეებზე ზრუნავდა და გვეხმარებოდა. გასულ წლებთან შედარებით, საახალწლო ღონისძიებები წელს საკმაოდ მასშტაბური და მრავალფეროვანი იყო, რაც გამოიხატა ორბელიანის მოედანსა და 9 აპრილის ბაღში მისული დამთვალიერებლების განსაკუთრებით დიდი რაოდენობით. აღსანიშნავია, რომ არამარტო პატარებს, არამედ ყველა ასაკის დამთვალიერებელს მოეწონა ჩვენი „საახალწლო სოფელი“, რაც განსაკუთრებით მახარებს“, – განაცხადა კახა კალაძემ.
თბილისის მერი დღევანდელ სხდომაზე 14 იანვარს, ვაზისუბნის დასახლებაში მომხდარ უბედურ შემთხვევას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ლიფტის ექსპლუატაციაზე პასუხისმგებელია მისი მესაკუთრე – ამხანაგობა, მუნიციპალიტეტის როლი კი გამოიხატება იმ ფინანსურ დახმარებაში, რომელიც „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების პროგრამითაა“ დადგენილი.
„მსგავსი ტრაგედიის დროს ხშირია სპეკულაციები. ამიტომ, განვმარტავ: არსებობს საქართველოს მთავრობის დადგენილება – ტექნიკური რეგლამენტი ლიფტების უსაფრთხო ექსპლუატაციის შესახებ. კერძოდ, ამხანაგობა ვალდებულია, ლიფტის უსაფრთხოების მიზნით, განახორციელოს მისი პერიოდული ექსპერტიზა და რეგისტრაცია ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს ობიექტების რეესტრში და თუ ექსპერტიზა გამოავლენს ხარვეზებს, მისი აღმოფხვრა დაუყოვნებლივ უნდა უზრუნველყოს. სადარბაზოები და ლიფტები თქვენი საკუთრებაა. თქვენ უნდა უზრუნველყოთ მისი მოწესრიგება, რეაბილიტაცია, თუმცა, გვესმის არსებული სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა ქვეყანაში. ამიტომ, გვაქვს „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების პროგრამა“ და თანადაფინანსებით ხორციელდება სხვადასხვა პროექტი“, – განაცხადა კახა კალაძემ.
თბილისის მერმა აქვე, აღნიშნულ პროცესში მუნიციპალიტეტის ჩართულობა განმარტა.
„თბილისის მუნიციპალიტეტი ყოველწლიურად, 40 მილიონამდე ლარს ხარჯავს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების თანადაფინანსების პროგრამაზე, რომლის ფარგლებში, გამგეობები ამხანაგობების სხვადასხვა საჭიროებას აფინანსებენ. როდესაც ამხანაგობას ლიფტების უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, ფინანსური მხარდაჭერა ესაჭიროება, გამგეობა შესაბამისი თანმიმდევრობით, ბიუჯეტით დადგენილი ზედა ზღვრის ფარგლებში, ფინანსურ დახმარებას უწევს ამხანაგობას, რათა მოხდეს ლიფტის რეაბილიტაცია. მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ საქართველოს მთავრობის ზემოთ ხსენებული დადგენილების შესაბამისად, ლიფტის ექსპლუატაციაზე პასუხისმგებელია მისი მესაკუთრე – ამხანაგობა, ანუ საცხოვრებელი სახლის მცხოვრებლები. მუნიციპალიტეტის როლი ამ შემთხვევაში, გამოიხატება იმ ფინანსურ დახმარებაში, რომელიც ჩვენივე პროგრამით არის დადგენილი. ამ პროგრამის ფარგლებში, გასულ წლებში, ასეულობით ლიფტის რეაბილიტაცია განვახორციელეთ,“ – აღნიშნა კახა კალაძემ.
დედაქალაქის მერმა მოქალაქეებს შეახსენა, რა არის საჭირო თანადაფინანსების პროგრამით სარგებლობისთვის.
„თანადაფინანსების პროგრამით სარგებლობისთვის საჭიროა: ჩატარდეს ლიფტის ტექნიკური მდგომარეობის ექსპერტიზა და გამოვლინდეს, აქვს თუ არა ლიფტს რაიმე ხარვეზი; დაარეგისტრიროთ თქვენი ლიფტი ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს ობიექტების რეესტრში; თუ ლიფტს სჭირდება შეკეთება, მიმართეთ გამგეობას და ის შესაძლებლობების ფარგლებში, შესაბამისი თანმიმდევრობით, უზრუნველყოფს ამხანაგობების ფინანსურ მხარდაჭერას“, – განაცხადა თბილისის მერმა.
კახა კალაძემ საკუთარ მოადგილეს, კახა გულედანს დაავალა, ლიფტების უსაფრთხო ექსპლუატაციის შესახებ არსებული ინფორმაციის ხელმისაწვდომობა უზრუნველყოს.
„მინდა, ვთხოვო ჩემს მოადგილეს, კახა გულედანს, უზრუნველყოს, რომ შესაბამისი ინფორმაცია განთავსდეს ოფიციალურ ვებგვერდზე და კიდევ უფრო ხელმისაწვდომი იყოს ის დაინტერესებული პირებისთვის. მოქალაქეებმა უნდა იცოდნენ, როგორ იმოქმედონ ლიფტების უსაფრთხო ექსპლუატაციის მიზნით“, – აღნიშნა კახა კალაძემ.
გარდა ამისა, თბილისის მერმა მიმდინარე წლის ბიუჯეტსა და მის ფარგლებში განსახორციელებელ ღონისძიებებზე ისაუბრა. დაგეგმილ პროექტებს შორის 18-მეტრიანი ავტობუსების შესყიდვა, უსახლკაროებისა და ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამები, სოციალურად დაუცველი პენსიონერებისთვის მედიკამენტების ვაუჩერის გამოყოფა და სხვა პროგრამები შედის.
„მინდა, მოსახლეობას შევახსენო თბილისში, 2023 წელს განსახორციელებელი პროექტები, თუმცა, დავიწყებ იმით, რომ წლევანდელი ბიუჯეტი დამტკიცდა 1 მილიარდ 632 მლნ ლარის ოდენობით, თუმცა, გარდამავალი ნაშთი, რომელიც მათ შორის, გადაჭარბებული შემოსავლებისგან შედგება, დაემატება ამ ბიუჯეტს და ჯამურად 1 მილიარდ 760 მლნ ლარს მიაღწევს. რაც შეეხება ბიუჯეტის შესრულებას, გასულ წელს ბიუჯეტი შესრულდა 94 პროცენტით, ხოლო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილი შესრულებულია 35 მლნ ლარის გადაჭარბებით. ამ წლის განმავლობაში რამდენიმე მნიშვნელოვან პროექტს განვახორციელებთ. გვაქვს ორი მიმართულება: სოციალური და ჯანდაცვის პროგრამები, რაც უმნიშვნელოვანესი კომპონენტია ჩვენს ბიუჯეტში და ინფრასტრუქტურული მიმართულება“, – განაცხადა კახა კალაძემ.
მისი თქმით, 2023 წელს განსახორციელებელ პროექტებს შორის არის 200 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსის შესყიდვა. მერის განცხადებით, ეს იქნება რამდენიმეწლიანი შესყიდვა, რომელიც წელს დაიწყება. ასევე, წელსვე დაიწყება ახალი ავტობაზის მშენებლობა, აღნიშნული ავტობუსების მომსახურების უზრუნველყოფის მიზნით. ამასთან, დედაქალაქის მერმა კიდევ რამდენიმე სოციალური პროექტის გაგრძელების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.
„წლევანდელი ბიუჯეტის ფარგლებში, გაგრძელდება უსახლკაროების პროგრამა. როგორც იცით, თბილისში დარეგისტრირებული გვყავს 400-მდე უსახლკარო ოჯახი. გასულ წელს 60 ოჯახი დაკმაყოფილდა მუნიციპალური საცხოვრებლით. აღნიშნული პროგრამა წელსაც გაგრძელდება, 80-მდე ოჯახი იქნება ფართებით დაკმაყოფილებული. ჩვენი მიზანია, რომ არც ერთი ოჯახი არ იყოს დედაქალაქში უსახლკაროდ. ასევე, გაგრძელდება ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამა, რომლის ფარგლებშიც დაახლოებით, 25 ავარიული კორპუსის ჩანაცვლებაზე მიმდინარეობს საქმის წარმოება. სამწუხაროდ, თბილისში გვაქვს ბევრი ავარიული შენობა-ნაგებობა, რომელთაც ავარიულობის სხვადასხვა ხარისხი აქვს მინიჭებული. პირველი საპილოტე პროექტი წარმატებით განვახორციელეთ და წელს გვექნება შესაძლებლობა, მეტი ასეთი პროექტის განხორციელების. მთავარია, რომ დაიდო კონკრეტული გეგმა, თუ როგორ უნდა მოხდეს ავარიული სახლების ჩანაცვლება ახალი, თანამედროვე არქიტექტურით“, – განაცხადა კახა კალაძემ.
გარდა ამისა, მისივე თქმით, სოციალურად დაუცველი პენსიონერების მედიკამენტების ვაუჩერის პროგრამა შეუფერხებლად გაგრძელდება. კახა კალაძემ მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზეც ისაუბრა. ყურადღება გამახვილდა გამწვანების მიმართულებით დაგეგმილ სამუშაოებზეც. კერძოდ, დაგეგმილია წერეთლის გამზირისა და მშვიდობის ხიდის სრული რეაბილიტაცია.
„დედაქალაქში მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება გრძელდება. ამ დროისთვის, კრწანისის ქუჩას სრული რეაბილიტაცია უტარდება, რომელიც მიმდინარე წლის გაზაფხულისთვის მთლიანად დასრულდება. ასევე, მიმდინარეობს ბაგების დასახლების და უნივერსიტეტის ქუჩის დამაკავშირებელი საავტომობილო ხიდის მშენებლობა. აღნიშნული სამუშაოების დასრულება 2023 წლის შემოდგომაზე იგეგმება. გარდა ამისა, ბოლო ეტაპზეა გელოვანის გამზირისა და მაჭავარიანის ქუჩის დამაკავშირებელი ახალი გზის მშენებლობა. ამ დროისთვის, პროექტის ძირითადი ნაწილი დასრულებულია და გზის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს, რომელიც მიმდინარე წლის გაზაფხულზე დასრულდება. რაც შეეხება 2023 წელს დაგეგმილ მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებს, წერეთლის გამზირის სრული სარეაბილიტაციო სამუშაოები განხორციელდება. ამასთანავე, უახლოეს პერიოდშია დაგეგმილი შალიკაშვილის სახელობის ხიდის და მშვიდობის ხიდის მთლიანი რეაბილიტაცია-მოწესრიგება“, – განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, დაგეგმილია ასევე ქუჩების რეაბილიტაცია და ახალი გზების მოწყობის სამუშაოებიც.
„გზების კაპიტალური სამუშაოების მიმართულებით, დაგეგმილია სამგორის რაიონში ემირ ბურჯანაძის ქუჩის სრული რეაბილიტაცია და ისნის რაიონში, ეშბას ქუჩის და მახათას აღმართის დამაკავშირებელი ახალი გზის მოწყობა; უნივერსიტეტის ქუჩის და ბაგების დასახლების დამაკავშირებელი ახალი საავტომობილო ხიდის მშენებლობის ფარგლებში, დაგეგმილია უნივერსიტეტის ქუჩის სრული რეაბილიტაციაც, სადაც ინფრასტრუქტურა მთლიანად განახლდება და მოწესრიგდება. აღნიშნული პროექტების განხორციელება მიმდინარე წელს დაიწყება და წლის ბოლომდე დასრულდება“, – განაცხადა თბილისის მერმა.
კახა კალაძე 2023 წელს ა(ა)იპ თბილისის განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელ პროექტებს, ასევე, გამწვანების მიმართულებით დედაქალაქში დაგეგმილ სამუშაოებსაც შეეხო.
„2023 წელს ა(ა)იპ თბილისის განვითარების ფონდი ახორციელებს ქალაქ თბილისის მასშტაბით არაერთ მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ პროექტს, როგორიცაა გუდიაშვილის მოედანზე 12 ისტორიული სახლის რეაბილიტაცია, ორბელიანის ქუჩაზე ორი შენობის, ფურცელაძის ქუჩაზე სამი შენობის, ერეკლეს ქუჩა N6-ის, აბრეშუმის მუზეუმის, კადეტთა კორპუსის, მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლისა და წინამძღვრიშვილის ქუჩა N1-ში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის რეაბილიტაციას, რომელთა ჯამური ღირებულება 125 მილიონ ლარამდეა. ასევე, ავარიული კორპუსების ჩანაცვლების კუთხით, ახალი პროგრამის ფარგლებში, მიმდინარეობს 10-სართულიანი საცხოვრებელი მრავალბინიანი სახლის მშენებლობა, რომლის ბიუჯეტიც შვიდ მილიონ ლარამდეა. რაც შეეხება ახალ პროექტებს, მიმდინარე წელს დაგეგმილია სულხან-საბას, ინგოროყვასა და იაშვილის ქუჩების რეაბილიტაცია, ხოლო ზემოაღნიშნული პროექტების პარალელურად, პირველ ეტაპზე, მოხდება სულხან-საბასა და ინგოროყვას ქუჩებზე არსებული შენობების დაპროექტება, ხოლო შემდეგ, რეაბილიტაციის სამუშაოების განხორციელება. განახლდება მიწისქვეშა კომუნიკაციებიც“, – აღნიშნა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, გამწვანების მიმართულებით, დაგეგმილია რამდენიმე პარკის რეაბილიტაციაც.
„რეაბილიტირდება ვაზისუბნის დასახლების პარკი, მაიაკოვსკის ძეგლთან მდებარე პარკი, ციციშვილის პარკი, მუხიანის პარკი, პირველი რესპუბლიკის პარკი. გარდა ამისა, ე.წ. სამხედრო ქალაქის ტერიტორიაზე მოეწყობა ახალი პარკი. ასევე, გამგეობებს აქვთ თავიანთი პროექტები. საზოგადოებას ეტაპობრივად, ყველა პროექტთან დაკავშირებით მივაწვდით ინფორმაციას, თუ რა სამუშაოები განხორციელდება იმისთვის, რომ თბილისი იყოს კიდევ უფრო მოწესრიგებული. ჩვენი მხრიდან არის სრული მზადყოფნა, რომ ვიშრომოთ და ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ ქალაქი იყოს იმაზე უკეთესი, ვიდრე იყო გუშინ და გუშინწინ“, – განაცხადა თბილისის მერმა.
მთავრობის დღევანდელ სხდომაზე კახა კალაძემ საკუთარ მოადგილეებსა და სხვადასხვა სამსახურის უფროსებს მიმართა, რომ კორუფციის მიმართულებით კრიტიკული იყვნენ და მსგავსი ფაქტები არ დაუშვან.
„ყოველი წლის დასაწყისში ვსაუბრობ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაზე და წელსაც, მინდა, ამ თემას კიდევ ერთხელ მივუბრუნდე. მინდა, გაგაფრთხილოთ ყველა – დაწყებული ჩემი მოადგილეებით, სამსახურების უფროსების, გამგებლების, სსიპ-ების, ა(ა)იპ-ების, შპს-ების ხელმძღვანელების ჩათვლით, ძალიან კრიტიკული ვიქნებით და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ კორუფცია არ იყოს დაშვებული. ეს არის ძალიან მძიმე საკითხი, რომელსაც ჩვენი მხრიდან ყოველთვის მოჰყვება შესაბამისი რეაგირება. ასე იყო წლების წინ, ასე იქნება ახლაც და მომავალშიც. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ კორუფცია საფუძველშივე არ დავუშვათ და იყოს ამოძირკვული“, – განაცხადა თბილისის მერმა.
მისი თქმით, ყოველთვის მზადაა, გვერდით დაუდგეს თითოეულ თანამშრომელს, რომელსაც დახმარება სჭირდება, მაგრამ კორუფციული ფაქტის მიმართ მკაცრი რეაქცია ექნება.
„ბევრჯერ მითქვამს და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ თუ რომელიმე ჩემს თანამშრომელს სჭირდება მხარდაჭერა, მზად ვარ, მოვუსმინო, გვერდით დავუდგე, ხელი შევუწყო, მაგრამ ასევე, ძალიან მკაცრი იქნება ჩემი რეაქცია კორუფციული ფაქტის მიმართ. არავის არაფერს გავუტარებთ. კიდევ ერთხელ გაფრთხილებთ ყველას, რომ თქვენივე სამსახურებში, თქვენივე თანამშრომლებთან გქონდეთ კომუნიკაცია და ყველამ კარგად გაითავისოს აღნიშნული საკითხი“, – აღნიშნა კახა კალაძემ.
საუბრის დასასრულს, თბილისის მერმა საზოგადოებას უწყების დამსახურებული თანამშრომელი – ამირან ხოშტარია წარუდგინა, რომელიც თბილისის სატრანსპორტო კომპანიის თანამშრომელია.
„მინდა, საზოგადოებას გავაცნო ამირან ხოშტარია – თბილისის სატრანსპორტო კომპანიის სალიანდაგო და გვირაბნაგებობათა სამსახურის გვირაბნაგებობათა დისტანციის უფროსი. ის თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში 1982 წლიდან მუშაობს. თავდაპირველად, იყო სალიანდაგო დისტანციის ლიანდაგის მონტიორი, ასევე ქვეოსტატი, გვირაბნაგებობათა დისტანციაში ბრიგადირი და შემდეგ უკვე ოსტატი. შემდგომ წლებში იკავებდა დისტანციის უფროსის მოადგილის და მთავარი ინჟინრის პოზიციებს. ამირან ხოშტარია უკვე 40 წელია ტრანსპორტის სფეროში მსახურობს. მისი საქმიანობა მაქსიმალური ყურადღების მობილიზებას, დაკვირვებასა და სიფრთხილეს მოითხოვს. გარკვეულწილად მასზეა დამოკიდებული მატარებლების უსაფრთხო და შეუფერხებელი მოძრაობა. სწორედ ამ საქმიანობისთვის, 2016 წელს ამირან ხოშტარიას თბილისის სატრანსპორტო კომპანიის საპატიო თანამშრომლის სტატუსი მიენიჭა“, – განაცხადა კახა კალაძემ.