მოხარული ვიქნებით, თუ USDA გააგრძელებს საქართველოს სოფლის მეურნეობის სექტორის მხარდაჭერას

01/11/2021

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის (USDA) ატაშეს სოფლის მეურნეობის საკითხებში, ქრისტინა მუმმას შეხვდა. შეხვედრაზე საქართველოში USDA-ის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტები და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

„ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო და მადლობა გადავუხადო აშშ-ის მთავრობას, განსაკუთრებით კი, აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტს (USDA) წლების განმავლობაში, საქართველოში აგრარული სექტორის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის. მოხარული ვიქნებით, თუ USDA გააგრძელებს საქართველოს სოფლის მეურნეობის სექტორის მხარდაჭერას, რომელიც COVID 19-ის პანდემიით მიყენებული ზიანის გამო, კიდევ უფრო მეტად არის კონცენტრირებული საგრანტო კომპონენტებზე. გვჯერა, რომ ჩვენი თანამშრომლობა მომავალში კიდევ უფრო წარმატებული და პროდუქტიული იქნება“, – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

სოფლის მეურნეობის ატაშე ქრისტინა მუმმა დეტალურად გაეცნო USDA-ის მიერ განხორციელებული პროგრამების მიმდინარეობას და მიღწეულ შედეგებს. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანია ისეთი მიმართულებების მხარდაჭერა, რაც სექტორის მდგრად განვითარებას უზრუნველყოფს. შეხვედრაზე მხარეებმა იმსჯელეს USDA-ის მხრიდან სამომავლო თანამშრომლობის და მხარდაჭერის საკითხებზე. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა კლიმატის ცვლილების გავლენაზე სოფლის მეურნეობის და სასურსათო უსაფრთხოების კუთხით. საუბარი ასევე შეეხო ქვეყანაში ტექნიკური შესაძლებლობების განვითარების, საერთაშორისო სტანდარტებთან დაახლოების, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციასთან (WTO) კოორდინაციის და ქვეყნებს შორის სასოფლო-სამეურნეო სავაჭრო ურთიერთობების საკითხებს. შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის (USDA) წარმომადგენლები.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0