ლაგოდეხის მუნიციპალიტის მერიის ადმინისტრაციულ შენობაში, მოქალაქეთა მომსახურების თანამედროვე სივრცე გაიხსნა.
მოქალაქეთა მომსახურების სივრცე სრულად რეაბილიტირდა, აღიჭურვა ავეჯით და საჭირო ინვენტარით. სივრცე მოქალაქეებს მოემსახურება „ერთი ფანჯრის“ პრინციპით, რაც მუნიციპალური სერვისების ერთ სივრცეში მოქცევას და მოქალაქეებისთვის თანამედროვე კომფორტული გარემოს შექმნას, მომსახურების ხარისხის გაზრდას და დროის ეფექტიანად მართვის გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს. მოქალაქეთა მისაღების გახსნის ღონისძიებას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ალადაშვილი, ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან ერთად დაესწრნენ.
“მოსახლეობაზე ორიენტირებული მომსახურების მიღებისთვის არაჩვეულებრივი სივრცე გაიხსნა კიდევ ერთ მუნიციპალიტეტში. მნიშვნელოვანია, რომ მოქალაქემ მუნიციპალური სერვისები მიიღოს ერთი სივრციდან, რაც მომსახურების ხარისხის გაზრდას და დროის ეფექტიანად მართვას შეუწყობს ხელს. არის დამატებითი სერვისები, რომელიც მოსახლეს ჭირდება იმისთვის, რომ მუნიციპალიტეტში კომფორტულად იცხოვროს, შეიქმნას ის გარემო რომელიც მისთვის არის მისაღები და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია განვითარდეს და დასაქმდეს“-განაცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ მზია გიორგობიანმა.
პროექტი გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ფარგლებში, საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მხარდაჭერით განხორციელდა და მისმა ჯამურმა ღირებულებამ 47 550 ლარი შეადგინა. მოქალაქეთა მომსახურების თანამედროვე სივრცის ამოქმედება მიზნად ისახავს, დეცენტრალიზაციის ხელშეწყობას, ინკლუზიური და მტკიცებულებებზე დაფუძნებული პოლიტიკის დანერგვას, მოქალაქეთა ჩართულობის გაძლიერებას და ადგილობრივ დონეზე საჯარო სერვისების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებას.