მოქალაქეების უსაფრთხოების დასაცავად საქართველოს პარლამენტი საკანონმდებლო დონეზე ყველაფერს გააკეთებს

30/01/2018

„რისი გაკეთებაც არის საჭირო კანონმდებლობის დონეზე, იმისთვის, რომ ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოება იყოს დაცული, ყველაფერი გაკეთდება პარლამენტის მიერ”,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ მეტროსადგურ „ვარკეთილში“ მომხდარ შემთხვევაზე საუბრისას განაცხადა.

ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ მეტროში არსებული ვითარება პრობლემად ჯერ კიდევ წინასაარჩევნო პროგრამაზე მუშაობისას გამოიკვეთა.

„როდესაც საარჩევნო შტაბში ვმუშაობდით თბილისის წინასაარჩევნო პროგრამაზე, იქ ერთ-ერთ მთავარ პრობლემად გამოიკვეთა ის მდგომარეობა, რომელიც არის შექმნილი მეტროში. საჭიროებს სერიოზულ რეაბილიტაციას მეტროსადგურები და ამაზე მუშაობა უკვე დაწყებულია. ეს მოითხოვს სერიოზულ რესურსებს და ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები ამ ყველაფერში მხარდაჭერას გაგვიწევენ. უკვე არის შესაბამისი მოლაპარაკებები დაწყებული და აქედან გამომდინარე, გაგრძელდება მეტროს რეაბილიტაციის პროექტი, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი თბილისის თითოეული მოქალაქისთვის. მათ შორის საუბარია უსაფრთხოებაზე. რისი გაკეთებაც არის საჭირო კანონმდებლობის დონეზე, იმისთვის, რომ ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოება იყოს დაცული, ყველაფერი გაკეთდება პარლამენტის მიერ. დანარჩენი არის, რა თქმა უნდა, კონკრეტული პროექტების და პროგრამების საქმე, რომლებიც ასევე უნდა განხორციელდეს უსაფრთხოების სტანდარტების ზედმიწევნით დაცვით”,- განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0