“მოსიარულე ბიბლიოთეკა” სვანეთში

27/07/2016

„წიგნი ყველა სოფელს” პროექტის ფარგლებში 26 ივლისს, ქალაქ თბილისში, ეთნოგრაფიულ მუზეუმში წიგნების შეგროვების აქცია მოეწყო. წიგნები ამჯერად სვანეთის ადგილობრივი ბიბლიოთეკებისთვის შეგროვდა.
„მოსიარულე ბიბლიოთეკის” სვანეთში გასაცილებლად თბილისის ეთნოგრაფიულ მუზეუმში მოეწყო გამოფენა.გამოფენაზე სადაც წარმოდგენილი იყო სვანეთში ახლად გახსნილი სოციალურ საწარმოში დამზადებული სვანური ტრადიციული ხელნაკეთი ნივთები, გამოფენა ჩატარდა ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის დაფინანსებით.
მუზეუმში მოსულმა სტუმრებმა აჩუქეს წიგნები მათ, ვისთვისაც ისინი ხელმიუწვდომელია და თან დაურთეს წერილები ინკოგნიტო ადრესატებისათვის.
ღონისძიებას ესწრებოდნენ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, მინისტრის მოადგილე რევაზ ჯაველიძე და „ვისოლ ჯგუფის” პრეზიდენტი სოსო ფხაკაძე.
„წიგნი ყველა სოფელს” – არასამთავრობო, სახელმწიფო, საქართველოს საპატრიარქოს, ბიზნეს სექტორის ერთიანი ძალისხმევით და ორგანიზაცია „სტუდენტური ერთიანობის” ინიციატივით ხორციელდება. სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს, „ვისოლ ჯგუფის”, საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის, „პალიტრა L”-ის, „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის” და ქველმოქმედი საზოგადოების მხარდაჭერით სოფლების სასკოლო თუ ცენტრალური ბიბლიოთეკები საჭირო წიგნებით მარაგდება. შესაბამისად, პროექტი რეგიონალური ცენტრებიდან მოშორებით მდებარე სოფლების მოსახლეობაში წიგნის პოპულარიზაციას ისახავს მიზნად.
„მოსიარულე ბიბლიოთეკის“ წიგნები მესტიის მუნიციპალიტეტის ადგილობრივ ბიბლიოთეკასა და ახალგაზრდულ კლუბ „ბეთქილში“ განაწილდა. წიგნების გარკვეული რაოდენობა მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობაში დარჩა, რათა მუნიციპალიტეტის მასშტაბით ტერიტორიული ერთეულების ბიბლიოთეკებში გადანაწილდეს.
მსგავსი აქციები ხელს შეუწყობს მოზარდების განვითარებასა და ცოდნის გაღრმავებას.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0