“თავისუფალი დემოკრატები” მოსახლეობას იმას არ დავპირდებით, რასაც ვერ შევასრულებთ, – განაცხადა ირაკლი ალასანიამ.
როგორც მან აღნიშნა, ბორჯომზე, რომელიც მართლაც ძალიან მდიდარია რესურსებით და აქვს საკუთარი შემოსავალი, ხელისუფლება აბსოლუტურად არ ზრუნავს და საზოგადოება მიტოვებული ჰყავს.
“პარალელურ სამყაროში ცხოვრობს ადგილობრივი და ცენტრალური მთავრობა და ცალკე სამყაროშია ის რეალობა და ადამიანები, სადაც ახლა მე ვიმყოფები. ისეთი განსხვავებაა, როგორც ცა და დედამიწა. არის აბსოლუტურად არაადამიანური პირობები, რომელიც მინიმუმსაც კი ვერ აკმაყოფილებს”, – განაცხადა ალასანიამ.
ალასანიამ აღნიშნა, რომ პარტიის წარმომადგენლებთან ერთად მან ერთ-ერთი შეხვედრა გამართა ბორჯომში, ინფექციური საავადმყოფოს შენობაში მცხოვრებ ოჯახებთან.
“იქ არიან ადამიანები ბორჯომელები, ზოგს სახლი დაეწვა, ზოგს დაენგრა სტიქიური უბედურების გამო, მათ ვერაფერი ვერ გადაუწყვიტა ხელისუფლებამ და ერთადერთი გზა იყო ის, რომ არაკანონიერად ამ შენობაში შეჭრილიყვნენ. ამის მერე წელიწად ნახევარზე მეტია გასული და ამ ოჯახებს არც წყალი, არც დენი არ აქვთ. 19 ოჯახი ბედის ანაბარაა მოტოვებული”, – განაცხადა ალასანიამ.
მისივე თქმით, შეხვედრა ჰქონდათ მესამე კორპუსში მცხოვრებ დევნილებთან, რომლებიც ასევე ბედის ანაბარა არიან მიტოვებულები.გარდა ამისა, “თავისუფალმა დემოკრატებმა” შეხვედრა ბაზრობაზე ადგილობრივ მოვაჭრეებთან გამართეს
“მათ არ იციან, სად უნდა გადავიდნენ, ვისი საკუთრებაა. იქ წყალი არის დაბინძურებული. უყურადღებოდ არიან დატოვებულები და სოციალური დახმარებები 4 ოჯახის გარდა თითქმის ყველას მოხსნილი აქვს.
ახალი გადახურული ბაზრობა, რომელიც გააკეთეს, იქ არავინ შედის, რადგან ცენტრიდანაა მოშორებული. ცენტრში გარე ვაჭრობა მიმდინარეობს, თუმცა აბსოლუტურად ცუდ პირობებსა და ანტისანიტარიაში არიან. ჩემი აზრით, არსებობს იმის საშუალება, რომ ადგილბრივმა ხელისუფლებამ ხელი შეუწყოს ცენტრალურ ადგილზე ამ ბაზრობის კეთილმოწყობას, სადაც ვაჭრობის განხორციელების საშუალება ყველას მიეცემა და მოსახლეობაც კმაყოფილი იქნება. ასეთი ელემენტარული რაღაცეები რომ ვერ წყდება, ეს იმას ნიშნავს, რომ პრაქტიკულად, არც ადგილობრივ დონეზე, არც ცენტრალურ ხელისუფლებაში არ არსებობს სწორი დაგეგმისა და მართვის მეთოდები. პრაქტიკულად, არაპროფესიონალები არიან და ადამიანები, რომლებსაც საკუთარ საზოგადოებაზე გული არ შესტკივათ. ეს არის ის მიზეზი, რის გამოც ადამიანებში სრული ნიჰილიზმია და სახელმწიფოს, საკუთარი მთავრობის მიმართ აბსოლუტური გაუცხოებაა”, – განაცხადა ალასანიამ.
მისივე თქმით, “თავისუფალი დემოკრატები” შეხვედრების – “მოქალაქის ხმის” ფარგლებში, მოსახელობას ადვოკატირებას უწევენ, ეხმარებიან დოკუმენტაციის მოპოვებაში.
“ჩვენ ვართ ჩამოსულები დეპუტატებთან ერთად და მათ ვახორციელებინებთ სადეპუტატო მოთხოვნებს, ვაგზავნინებთ წერილებს, რომ ამ ადამიანებს საკუთარი ინტერესების დაცვაში დავეხმაროთ, ვიდრე ოპოზიციაში ვართ. როდესაც ხელისუფლებაში მოვალთ ჩვენ ბორჯომის განვითარების ხედვა გავქვს, რომელიც იქნება პრაგმატული. პირველი, რასაც ვეუბნები არის ის, რომ “თავისუფალი დემოკრატები” არ დაგპირდებით ისეთ რამეს, რასაც ვერ შევასრულებთ იმიტომ, რომ მოქალაქეებმა თითქმის ყველგან მითხრეს, რომ მთავარი იმედგაცრუება გამოწვეულია იმით, რომ ჩვენ “ქართული ოცნება” უამრავი სოციალური პრობლემის გადაჭრას დაგვპირდა და პრაქტიკულად, არც ერთი მათგანი მოგვარებული არ არისო”, – განაცხადა ალასანიამ.