სახელმწიფო რწმუნებული ბესიკ ამირანაშვილი საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარ დეპუტატ ანტონ ობოლაშვილთან, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერ ირაკლი ლაზარაშვილსა და საკრებულოს თავმჯდომარე დავით ლომიძესთან ერთად სვირის, ანისა და წყრუთის ადმინისტრაციულ ერთეულებში მცხოვრებ მოქალაქეებს შეხვდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები. შეხვედრის მიზანი მასშტაბური პროექტებისა და სიახლეების შესახებ ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმირება, ასევე მათთან ერთად სოფლებში არსებულ საჭიროებებზე და სამომავლო გეგმებზე მსჯელობა იყო. მოსახლეობას გაზიფიცირებასთან დაკავშირებული სიახლეები გააცნეს და აღინიშნა რომ უკვე დაგეგმილია სოფლების ტატანისის, სვირის, ბოგის, ანის, ჭვინთის, ელიაწმინდისა და წირის გაზიფიცირების სამუშაოები. არსებული გეგმით წლის ბოლომდე აღნიშნულ სოფლებში ბუნებრივი აირი შევა. შეხვედრებს ესწრებოდა შპს „ინტერ გაზის“ დირექტორი ვასილ აბულაძე, რომელმაც ისაუბრა ამ მიმართულებით როგორც მიმდინარე, ისე დაგეგმილ სამუშაოებზე. შეხვედრაზე ასევე აქცენტი გაკეთდა ახალციხის მუნიციპალიტეტში საზოგადოებრივი ტრანსპორტის ამოქმედების მიზნით გაწეულ და მიმდინარე სამუშაოებზე, მიწის რეგისტრაციასთან დაკავშირებულ საკითხებზე, მუნიციპალიტეტში მიმდინარე და დაგეგმილ მასშტაბურ ინფრასტრუქტურულ პროექტებსა და მთავარ პრიორიტეტებზე.
მოსახლეობას გაზიფიცირებასთან დაკავშირებული სიახლეები გააცნეს
14/03/2024