„ღია შეხვედრების“ ფარგლებში, სამეგრელო–ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ნინო ვიბლიანი, მარტვილის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე გრიგალავა თამაკონის, გურძემის, დოშაყეს და ტალერის ადმინისტრაციულ ერთეულებში მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდნენ. შეხვედრებზე ადგილობრივებმა მათი საჭიროებების და პრობლემების შესახებ ისაუბრეს და სამთავრობო გუნდის წევრებისგან დასმულ შეკითხვებზე პასუხები მიიღეს. ასევე მოისმინეს ინფორმაცია მომავალი წლის ბიუჯეტით განსახორციელებელი პროექტების შესახებ. ადგილობრივ მოსახლეობას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მარტვილის საინფორმაციო–საკონსულტაციო ცენტრის ხელმძღვანელმა ეკა ნაროუშვილმა სოფლის მეურნეობის მიმართულებით სახელმწიფოს მიერ ინიცირებული პროექტების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. ადგილობრივმა მოსახლეობამ სოფლებში არსებულ ძირითად გამოწვევად გაზიფიცირება, წყალმომარაგება, შიდა გზების რეაბილიტაცია და საბავშვო ბაღების მშენებლობა დაასახელა. დასახელებული პრობლემების მოგვარება მოსახლეობის მიერვე შერჩეული პრიორიტეტების მიხედვით მოხდება. „ღია შეხვედრების“ ფარგლებში მარტვილის მუნიციპალიტეტის ოცდაერთივე ადმინისტრაციულ ერთეულში გაიმართა შეხვედრები. პროექტი მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს.
მოსახლეობასთან შეხვედრები თამაკონში, გურძემში,დოშაყესა და ტალერში
20/11/2019