ეს იყო საპილოტე პროექტი, რომელიც წარმატებით მიმდინარეობს

21/08/2019

თბილისის მერიაში მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომა გაიმართა. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე, დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ რამდენიმე განცხადება გააკეთა. როგორც მან აღნიშნა, ზონალურ-საათობრივი პარკირების საპილოტე პროექტი კოტე აფხაზის ქუჩაზე წარმატებით ხორციელდება, რისთვისაც მან მადლობა გადაუხადა მუნიციპალიტეტის თანამშრომლებს და სატრანსპორტო საშუალებების მფლობელებს.

„დაახლოებით 20 დღეა, რაც კოტე აფხაზის ქუჩაზე ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა ამოქმედდა. ის საკმაოდ წარმატებით მიმდინარეობს. მინდა მუნიციპალიტეტის ყველა თანამშრომელს მადლობა გადავუხადო, ვინც ამ პროცესში აქტიურად არის ჩართული. ასევე, ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო სატრანსპორტო საშუალებების მფლობელებს, რომლებიც დადგენილ წესებს ზედმიწევნით იცავენ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გვაქვს ახალი აპლიკაცია, რომელიც სპეციალურად ზონალურ-საათობრივი პარკირებისთვის შეიქმნა და მისი გადმოწერა ნებისმიერ სმარტფონშია შესაძლებელი. ამ აპლიკაციით ძალიან ბევრი ადამიანი სარგებლობს. ასევე, იყენებენ გადახდის აპარატებს. მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებულია საინფორმაციო ჯიხური, რომელიც იქ პირველ სექტემბრამდე იდგება. ჩვენი თანამშრომლები ადგილზე დარჩებიან, მოქალაქეების დახმარებას გააგრძელებენ, თუმცა, ფაქტობრივად, ყველა ადგილობრივმა უკვე მოახერხა რეგისტრაცია და ისინი უფასო პარკირებით სარგებლობენ“, – აღნიშნა თბილისის მერმა.

კახა კალაძის თქმით, დედაქალაქის მერია ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემას კოტე აფხაზის ქუჩის შემდეგ, ორბელიანის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე აამოქმედებს.

„ეს იყო საპილოტე პროექტი, რომელიც წარმატებით მიმდინარეობს. ამიტომაც ჩვენ ვაპირებთ ცენტრალურ ქუჩებსა და უბნებში ანალოგიური მიდგომა გვქონდეს. შემდეგი არეალი, სადაც აღნიშნული პროექტი განხორციელდება, არის ორბელიანის მოედანი, რომელიც რამდენიმე ხნის წინ სრულად რეაბილიტირდა. ამით დედაქალაქს კიდევ ერთი ახალი, მიზიდულობის ცენტრი შეემატა. იქ არის განთავსებული ძალიან ბევრი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი. 20 შენობა-ნაგებობის სრული რეაბილიტაცია განხორციელდა, აქედან 13 კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია. ასევე, პროექტის ფარგლებში, აშენდა პირველი მიწისქვეშა პარკინგი, რომელიც გათვლილია 150 ავტომანქანაზე და სრულად ევროპული სტანდარტების მქონეა, თავისი სახანძრო უსაფრთხოებით, კამერებით, შშმ პირებისთვის, ასევე ელექტრომობილებისთვის განკუთვნილი ადგილებით. გვინდა, რომ ამ მოედანზეც იგივე მიდგომა გვქონდეს და ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა დავნერგოთ. აქ მცხოვრები ადამიანები აუცილებლად უნდა დარეგისტრირდნენ სისტემაში და უფასოდ ისარგებლონ პარკირებით. ჩვენ აუცილებლად ვაწარმოებთ მათთან კომუნიკაციას, როგორც ეს პირველი პროექტის დროს მოხდა. მინდა დავავალო მერიის სამსახურებს, რომ დღეიდან უკვე დაიწყონ შესაბამისი მასალების მომზადება და ინფორმაციის მიწოდება ადგილობრივებისთვის. უახლოეს დღეებში ორბელიანის მოედანზე საინფორმაციო ჯიხურსაც განვათავსებთ“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.

ასევე, კახა კალაძემ ვაკის პარკის რეაბილიტაციის წინასაპროექტო კვლევაზე და ფუნქციური ზონირებისა და დენდროლოგიის საპროექტო დოკუმენტაციის შედგენაზე ისაუბრა, რომელზეც ბრიტანული კომპანია Chris Blandford associates იმუშავებს.
მისი თქმით, გამარჯვებულ კომპანიასთან უკვე გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც მან პროექტი წლის ბოლოს უნდა წარმოადგინოს.

„ამ კომპანიას აქვს მსოფლიო დონის გამოცდილება რთული და მნიშვნელოვანი ძეგლებისა და საერთაშორისო მნიშვნელობის ღირსშესანიშნავი ადგილების (მათ შორის, ისტორიული ლანდშაფტებისა და ტურისტული ობიექტების) კვლევაში, გენერალური გეგმების შექმნაში, რეაბილიტაციის პროექტირებასა და სტრატეგიების შემუშავებაში. მათ გამოცდილებაში არის არაერთი მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი, მათ შორის, სინგაპურის ბოტანიკური ბაღები, სტოუნჰენჯის მსოფლიო მემკვიდრეობის აღდგენის პროექტი, პადუას ბოტანიკური ბაღები. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო გამარჯვებულის გამოვლენა. დიდი ხანია გვინდა ამ პროექტის განხორციელება, თუმცა გარკვეული პრობლემების გამო ვარდებოდა ინტერესთა გამოხატვა და ვერ ვახერხებდით შეგვერჩია შესაბამისი კომპანია. ძალიან მიხარია, რომ ასეთი ძლიერი კომპანია იმუშავებს ამ პროექტზე“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, პროექტი მნიშვნელოვანი ჩარევების გარეშე განხორციელდება. ჩატარდება ისტორიულ-სახელოვნებათმცოდნეო კვლევა, რასაც დაეყრდნობა პარკის ფუნქციური ზონირება. ამასთანავე, ჩატარდება პარკში არსებული მწვანე საფარის სრული ინვენტარიზაცია და შემუშავდება ახალი დენდროლოგიური პროექტი. დედაქალაქის მერმა ყურადღება გაამახვილა რეაბილიტაციის პროცესში საზოგადოების ჩართულობაზე და აღნიშნა, რომ ამასთან დაკავშირებით ყველა დაინტერესებული მხარე წინასწარ იქნება ინფორმირებული. ამასთან, დედაქალაქის მერის თქმით, კოოპერატიული ბინათმშენებლობის შედეგად დაზარალებულთა ბინებით უზრუნველყოფის მიზნით, ინტერესთა გამოხატვის საფუძველზე, გამოვლინდა გამარჯვებული სამშენებლო კომპანია „ბი დეველოპმენტი“, რომელიც 60 დაზარალებულ ოჯახს საცხოვრებელი ფართებით დააკმაყოფილებს.

„მე დავპირდი კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულ ადამიანებს, რომელთა რაოდენობა 3 000 ოჯახამდეა, რომ მოგვარებული იქნებოდა პრობლემა, რომელიც წლების განმავლობაში იდგა. ჩვენ უკვე დავიწყეთ შესაბამისი ნაბიჯების გადადგმა, რათა ეს ადამიანები დაკმაყოფილდნენ საცხოვრებელი ფართებით. ათეულობით წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ეს ადამიანები ელოდებიან თავიანთ ფართებს. ამჯერად გვყავს გამარჯვებული კომპანია. გამოცხადებული იყო ინტერესთა გამოხატვა დიდ დიღომში, IV მიკრორაიონის 25-ე კორპუსის მიმდებარედ, 11 774 კვ. მ მიწის ნაკვეთზე. გამარჯვებული კომპანია გახლავთ „ბი დეველოპმენტი“, რომელმაც დაახლოებით, 60 ოჯახი უნდა დააკმაყოფილოს. საცხოვრებელი ფართი უნდა იყოს თეთრი კარკასის მდგომარეობაში. გამარჯვებული კომპანიის შეთავაზება 5%-ით აღემატება სხვა დაინტერესებული კომპანიის მიერ წარმოდგენილი ფართის ოდენობას“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, კიდევ ერთი სიახლეა ის, რომ 15 დაზარალებულ ოჯახს დიდ დიღომში, IV მ/რ-ის N2-ში დაუკანონდა საცხოვრებელი ფართები და საკუთრების მოწმობები რამდენიმე დღეში გადაეცემათ. ასევე, სხდომის დასასრულს დედაქალაქის მერმა აღნიშნა, რომ ვარკეთილში მიმდინარეობს საფეხბურთო კომპლექსის მშენებლობა, სადაც საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი მოედანი მოეწყობა.

„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვა და პოპულარიზაცია. ამ მიმართულებით, დედაქალაქის შესაბამისი საქალაქო სამსახური ძალიან ბევრ საინტერესო პროექტს ახორციელებს. ძალიან დიდი მხარდაჭერაა სპორტის მიმართ, არაერთი პროექტი განხორციელდა, თუმცა ეს საკმარისი არ არის. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა რაც შეიძლება მეტი ინფრასტრუქტურა შეიქმნას ქალაქში და მეტი ადამიანი იყოს ჩართული სპორტულ ცხოვრებაში. ხშირად ვიმეორებ, რომ აუცილებელი არ არის, ყველა პროფესიონალი სპორტსმენი გახდეს, მაგრამ ნებისმიერი პროფესიის ადამიანისთვის ძალიან მნიშვნელოვანია სპორტული ცხოვრება და ცხოვრების ჯანსაღი წესი. შესაბამისად, ინფრასტრუქტურის მოწესრიგება და ახალი პროექტების განხორციელება აუცილებელია. ჩვენ დაანონსებული გვაქვს მულტიფუნქციური კომპლექსების პროექტები.

უკვე გვაქვს ორი ლოკაცია – ვარკეთილი და დიღომი. უახლოეს მომავალში გვეყოლება გამარჯვებული კომპანია უკვე მშენებლობაზე და დავიწყებთ ამ პროექტის განხორციელებას, თუმცა მანამდე მინდა, მოგაწოდოთ ინფორმაცია ერთ ძალიან კარგ პროექტზე, რომელსაც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად ვახორციელებთ. ესაა ვარკეთილში საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი, ხელოვნურსაფარიანი მოედანი, 300 მაყურებელზე გათვლილი ტრიბუნით, რომელიც შშმ პირებისთვის განკუთვნილი ორი პლატფორმით იქნება აღჭურვილი. სტადიონზე დამონტაჟდება 220-250-ლუქსიანი განათება. აქვე მოეწყობა ტექნიკური შენობა გასახდელებით და შესაბამისი სივრცეებით. სტანდარტულ მოედანთან ერთად, საფეხბურთო კომპლექსის ტერიტორიაზე ასევე აშენდება ხელოვნურსაფარიანი მინი სტადიონი. აღნიშნული კომპლექსის მოსაწყობად, 18 243 კვ.მ მიწის ნაკვეთი გადავეცით საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას, იმ პირობით, რომ ისინი განახორციელებდნენ ამ პროექტს. პროექტის საერთო ღირებულება 2 100 000 ლარს შეადგენს, რომელიც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და FIFA-ს FORWARD-ის თანდაფანინანსებით ხორციელდება“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, მუნიციპალიტეტის მთავრობის მიდგომა არის, რომ არა მხოლოდ ცენტრალურ უბნებში, არამედ გარეუბნებშიც გამართული ინფრასტრუქტურა და მოწესრიგებული გარემო იყოს.

„ძალიან მიხარია, რომ ეს კონკრეტული პროექტი ვარკეთილში ხორციელდება, რადგან ჩვენი მიდგომაა, რომ ქალაქის ყველა უბანი ერთნაირად უნდა განვითარდეს. არასოდეს დაგვიყვია ქალაქი ცენტრალურ და გარეუბნებად. ყველგან შევდივართ ეტაპობრივად და ვაკეთებთ იმ სამუშაოებს, რომელიც აუცილებელია ქალაქისთვის, კონკრეტული რაიონისთვის, უბნისთვის და ქუჩისთვის. არ დავტოვებთ არც ერთ რაიონს, არც ერთ ქუჩას, სადაც არ იქნება გამართული ინფრასტრუქტურა და მოწესრიგებული გარემო. რა თქმა უნდა, ამას სჭირდება დრო და თანხები. ბიუჯეტის თვალსაზრისით წელს გვაქვს განსაკუთრებული წელი. დარწმუნებული ვარ, მომავალ წელს ამაზე ნაკლები თანხა არ გვექნება, თუ მეტი არა, რათა შევძლოთ უფრო მეტი პროექტის განხორციელება და იმ პრობლემების მოგვარება, რომელიც დედაქალაქს აწუხებს. მთავარია, ვიყოთ ერთად, შემართებით. ერთიანი ძალიხმევით ყველაფერი შესაძლებელია“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0