მორატორიუმი უნდა გამოცხადდეს მანამ, სანამ პარლამენტში არ იქნება სრულყოფილი პოლიტიკური მსჯელობა

20/05/2021

ფრაქციის „ლელო” – პარტნიორობა საქართველოსთვის“ წარმომადგენელმა, ანა ნაცვლიშვილმა პარლამენტში ბრიფინგი გამართა, სადაც პარლამენტს მოუწოდა, შარლ მიშელის დოკუმენტით გათვალისწინებული სასამართლო რეფორმის გატარებამდე, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში და უზენაეს სასამართლოში წევრების არჩევაზე მორატორიუმი გამოაცხადოს. როგორც მან განმარტა, ფრაქციამ შესაბამისი კანონპროექტი პარლამენტში გუშინ შეიტანა.

„მორატორიუმი უნდა გამოცხადდეს მანამ, სანამ პარლამენტში არ იქნება სრულყოფილი პოლიტიკური მსჯელობა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა შესრულდეს შარლ მიშელის მედიაციით მიღწეული შეთანხმების სასამართლო ნაწილი და რა ცვლილებები უნდა შევიდეს კანონმდებლობაში იმისთვის, რომ შეთანხმება იყოს შესრულებული“, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

როგორც მან აღნიშნა, გუშინ მიიღეს ინფორმაცია, იმის შესახებ, რომ პარლამენტის მიერ კანონში არსებული პრობლემური მუხლების შეცვლამდე, დაგეგმილი იყო მოსამართლეთა კონფერენციის ჩატარება და იუსტიციის უმაღლეს საბჭოში 4 წევრის არჩევის მოსწრება.

„გუშინ შევიტანეთ კანონპროექტი, რომელმაც უნდა გამოაცხადოს მორატორიუმი იქამდე, სანამ პარლამენტი არ იმსჯელებს, შარლ მიშელის შეთანხმების შესაბამისად არ შეცვლის კანონს და არ დაარეგულირებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების არჩევის წესს და პროცედურას. მანამდე არცერთი დანიშვნა არ უნდა განხორციელდეს ამ თანამდებობებზე. მოსამართლეთა „კლანი“ ცდილობს დაასწროს ამ ცვლილებებს და თავისი დესანტი გადასხას იუსტიციის საბჭოში ადასტურებს იმას, რომ მიშელის შეთანხმების შესრულების შემთხვევაში დაიწყება ის პროცესი, რომელიც ძალიან სერიოზულ დისკომფორტს შეუქმნის „კლანს”, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

„გუშინვე, ორ საათში პარლამენტში შევიტანეთ კანონპროექტი, რომელმაც უნდა გამოაცხადოს მორატორიუმი, იმისთვის რომ სანამ პარლამენტი არ იმსჯელებს და შარლ მიშელის შეთანხმების შესაბამისად არ შეცვლის კანონს, მათ შორის არ დაარეგულირებს იუსტიციის საბჭოს წევრების არჩევის წესს და პროცედურას – მანამ არცერთი დანიშვნა არ განხორციელდეს ამ თანამდებობებზე. ის, რომ მოსამართლეთა კლანი ცდილობს დაასწროს ამ ცვლილებებს და თავისი დესანტი გადასხას იუსტიციის საბჭოში, ადასტურებს იმას, რომ მიშელის შეთანხმების შესრულების შემთხვევაში დაიწყება ის პროცესი, რომელიც ძალიან სერიოზულ დისკომფორტს შეუქმნის კლანს. ეს პროცესი უნდა გაგრძელდეს ახალი არჩევნების შემდეგ, რადგან სასამართლო რეფორმებში გასატარებელია ფუნდამენტური ცვლილებები. ცხადია, არავის აქვს ილუზია, რომ „ქართული ოცნება“ ამ რეფორმას ბოლომდე მიიყვანს, თუმცა, დაწყება უნდა მოხდეს ამ შეთანხმების შესრულების ფარგლებში“, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

მისი თქმით, ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ტესტი პარლამენტისთვის.

„ეს ვითარება იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ტესტი პარლამენტისთვის, რომ დაუჭიროს მხარი ამ კანონპროექტს და არ თქვას უარი თავისივე უფლებამოსილებაზე. თუ პარლამენტი შეკვეცავს თავის უფლებამოსილებას სასამართლო რეფორმის განხორციელებაში, ეს იქნება ძალიან მძიმე პოლიტიკური ფასი. ეს რეფორმა დაიწყება და რაც არ უნდა ბევრი დაბრკოლება შეიქმნას ამ გზაზე, რეფორმა მივა ბოლომდე“, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0