მომდევნო 10 წლის განმავლობაში დაახლოებით 32 მილიარდი ლარი დაიხარჯება ინფრასტრუქტურის და რეგიონების განვითარებაში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს 10-წლიანი განვითარების გეგმის პრეზენტაციაზე განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, 32 მილიარდი ლარი ინფრასტრუქტურას, გზებს, ხიდებს, წყალს მოხმარდება იმისთვის, რომ ყველა მუნიციპალიტეტში შეიცვალოს მთლიანი სურათი. პრემიერმა აღნიშნა, რომ ეს უნდა იყოს ევროპეიზაციის და მოდერნიზაციის გეგმა და დონორებს აქტიური დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა.
„ჩვენი გეგმის მიხედვით, მომდევნო 10 წლის განმავლობაში დაახლოებით 32 მილიარდი ლარი დაიხარჯება ინფრასტრუქტურისა და რეგიონების განვითარებაში. მოგეხსენებათ, დღეს ძალიან ბევრი პროექტი ხორციელდება ქვეყანაში. ეს არის გზების, ხიდების მშენებლობა. ზოგადად, ჩვენ დავიწყეთ ყველა მუნიციპალიტეტში ურბანული განახლების პროექტები. 63-ვე მუნიციპალიტეტში დაიწყება ურბანული განახლების პროექტი, რაც გულისხმობს რეალურად ევროპული განვითარების, ევროპული სულისკვეთების შეტანას ყველა მუნიციპალიტეტში. ამას გარდა, მოგეხსენებათ, რომ გამოწვევები რჩება დღეს ჩვენს ქვეყანაში. თითქმის 3000-მდე სოფელს არ აქვს ხარისხიანი წყალი. გამოწვევად რჩება როგორც საქალაქთაშორისო, ისე შიდა გზების შენახვა-რეაბილიტაცია- აღდგენა, ასევე ცენტრალური მაგისტრალების მშენებლობის დასრულება. შესაბამისად, ჩვენი მთავარი პრიორიტეტი და მთავარი აქცენტი სწორედ რეგიონების განვითარებაზე და განახლებაზე იქნება მომდევნო წლების განმავლობაში. 32 მილიარდი ლარი მოხმარდება რეგიონების განვითარებას, ინფრასტრუქტურას, გზებს, ხიდებს, წყალს იმისთვის, რომ რეალურად ყველა მუნიციპალიტეტში შეიცვალოს მთლიანი სურათი, მთელი ქვეყნის მასშტაბით და რეალურად, ეს უნდა იყოს ევროპეიზაციის, განახლების, მოდერნიზაციის გეგმა. რა თქმა უნდა, ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ ჩვენს დონორებთან. მინდა, კიდევ ერთხელ ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა ვუთხრა მათ აქტიური დახმარებისთვის”,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
10-წლიანი განვითარების გეგმის პრეზენტაცია რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ გამართა. ღონისძიებას საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წევრები, სახელმწიფო რწმუნებულები, დიპლომატიური კორპუსის და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების წარმომადგენლები დაესწრნენ.