მომავალი 4 წლისთვის ჩვენ გვაქვს გაწერილი გეგმა, თუ როგორ უნდა მოვახდინოთ ქვეყნის სწრაფი მოდერნიზაცია

22/08/2016

დღეს არის დრო, როდესაც უნდა დასრულდეს პოლიტიკური დაპირისპირებები და მთელი ქვეყანა გაერთიანდეს იმისთვის, რომ მომავალი 4 წელიწადი გახდეს ისტორიული საქართველოსთვის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ნინოწმინდის მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა.
გიორგი კვირიკაშვილმა „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ მხარდამჭერებს პარტიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი – ენზელ მკოიანი წარუდგინა და მმართველი ძალის მიერ განხორციელებულ რეფორმებთან ერთად, მომავალი 4 წლის სამოქმედო გეგმა გააცნო.
„მომავალი 4 წლისთვის ჩვენ გვაქვს გაწერილი გეგმა, თუ როგორ უნდა მოვახდინოთ ქვეყნის სწრაფი მოდერნიზაცია, რათა ჩვენი ინფრასტრუქტურა, პირველ რიგში სატრანზიტო და რეგიონული ინფრასტრუქტურა, იყოს თანამედროვე სტანდარტებთან შესატყვისი. საჭიროა ძირეული რეფორმების გატარება განათლების სისტემაში იმისთვის, რომ უმაღლესი განათლების მქონე ახალგაზრდები პირდაპირ დასაქმდნენ და აღარ დახარჯონ დრო და რესურსები იმ პროფესიებზე, რომლებიც დღეს ნაკლებად მოთხოვნადია. ასევე მნიშვნელოვანია ეკონომიკური რეფორმები, რომლებსაც ჩვენ ვატარებთ,“ – აღნიშნა პრემიერმა.
გიორგი კვირიკაშვილის განმარტებით, პარლამენტმა უკვე დაამტკიცა ახალი პაკეტი, რომლის თანახმადაც 1 იანვრიდან მოგების გადასახადი აღარ იარსებებს იმ შემთხვევაში, თუ მოგებული თანხა რეინვესტირდება მომავალ პროექტებში.
სიტყვით გამოსვლისას მთავრობის მეთაურმა ისაუბრა ნინოწმინდაში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებზე და ხაზი გაუსვა მათ მნიშვნელობას რეგიონის ეკონომიური განვითარებისთვის.
„ძალიან ბევრი საქმე კეთდება ნინოწმინდაში, მათ შორის ნინოწმინდა – ბავრას გზა, რომელიც იქნება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი. ხორციელდება ირიგაციის პროექტები, რაც ძალიან მნიშვნელოვანია სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის; ასევე სხვადასხვა სოფლების გაზიფიცირების პროექტი, რომელიც მომავალშიც გაგრძელდება და დაფარავს სხვა სოფლებსაც,“ – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
გამოსვლის დასასრულს პარტიის თავმჯდომარემ საქართველოს ეთნიკურ მრავალფეროვნებაზე გაამახვილა ყურადღება და განაცხადა, რომ ქვეყნის ერთ-ერთ სიმდიდრეს სწორედ მისი მრავალეროვნება წარმოადგენს.

ახალქალაქს პარლამენტში წარმომადგენელი პროპორციული პარტიული სიითაც ეყოლება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე გიორგი კვირიკაშვილმა ახალქალაქის მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა, სადაც ახალქალაქისა და ნინოწმინდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ენზელ მკოიანი წარადგინა.
პრემიერმა კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველო მრავალეროვანი, მრავალკულტურული ქვეყანაა, რაც ქვეყნის სიმდიდრეა და მთავრობა თითოეული მოქალაქის ინტერესების დასაცავად ყველაფერს გააკეთებს.

გიორგი კვირიკაშვილმა მოსახლეობასთან შეხვედრისას გასული ოთხი წლის განმავლობაში განხორციელებულ ცვლილებებზე ისაუბრა დ განაცხადა, რომ 2011 წლის შემოდგომიდან, როდესაც ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა განცხადება, პოლიტიკური პარტიის შექმნის შესახებ, ქართველ ხალხთან ერთად, პოლიტიკურ ცხოვრებაში მნიშვნელოვანი გარდატეხა მოხდა – მოქალაქეები სახელმწიფო აპარატის წნეხისგან გათავისუფლდნენ, საქართველოში დღეს არის თვისობრივად განსხვავებული, გაცილებით თავისუფალი წინასაარჩევნო კამპანია და თავისუფალი მედია.
პრემიერის შეფასებით, გადაიჭრა ჯანდაცვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პრობლემა, ბიზნესი აბსოლუტურად თავისუფალია სახელმწიფო აპარატის ზეწოლისგან, სოფლის მეურნეობის წახალისებისთვის მრავალი სახელმწიფო პროგრამა არსებობს და ასევე, გატარდა გონივრული საგარეო პოლიტიკა.
„ერთის მხრივ, ჩვენ ვრჩებით დასავლური კურსის ერთგულნი, ხოლო მეორეს მხრივ, ვცდილობთ, მოვაგვაროთ ურთიერთობები მეზობლებთან, განსაკუთრებით მხედველობაში მყავს რუსეთი. არანაირი კომპრომისი არ იქნება ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის საკითხებში, მაგრამ საქართველოს სჭირდება ნორმალური ურთიერთობები ყველა მეზობელთან. ჩვენ, გასული 4 წლის განმავლობაში შევძელით და გავხსენით ვაჭრობა რუსეთთან და დღეს ისევ ჩამოდიან ტურისტები რუსეთიდან. ამან ჩვენ საშუალება მოგვცა, შეგვემცირებინა დაძაბულობა. ეს ყველაფერი ქმნის შესაძლებლობას, დავგეგმოთ ჩვენი სტაბილური განვითარების მომავალი ოთხი წელი“, – განაცხადა პრემიერმა.
მმართველი პოლიტიკური პარტიის თავმჯდომარემ ისაუბრა იმ მნიშვნელოვან პროექტებზეც, რომელიც რეგიონში ენზელ მკოიანთან ერთად განხორციელდა – მათ შორისაა ირიგაციისა და სოფლების გაზიფიცირების, ასევე, ინფრასტრუქტურული პროექტები და მთის კანონის მიღება.
„მთის კანონი ახალქალაქისა და ნინოწმინდისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან მისი მეშვეობით, პედაგოგებს, ექიმებს, ექთნებს და კერძო სექტორის წარმომადგენლებს განსაკუთრებული შეღავათები ეძლევათ“, – აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0