მოვუწოდებ მცხეთის მერიას, შეცვალოს ის გადაწყვეტილება, რომელიც მან მიიღო გარე მოვაჭრეებთან დაკავშირებით

01/06/2020

„პანდემიის პირობებში, როდესაც ადამიანების უმრავლესობა შემოსავლების გარეშე დარჩა, თითოეული სამუშაო ადგილის შენარჩუნებისთვის აუცილებელია ხელისუფლების, მისი ყველა ორგანოს აქტიური მხარდაჭერა ამ სამუშაო ადგილების შენარჩუნებისთვის. ამის ნაცვლად ვხედავთ, რომ მცხეთის მერია ხელს უშლის მცხეთაში, სვეტიცხოვლის ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე, ბოლო 30 წლის განმავლობაში არსებულ გარე ვაჭრობას, სადაც 100-მდე ადამიანია დასაქმებული“, – ამის შესახებ ფრაქცია „პატრიოტთა ალიანსი და სოციალ-დემოკრატების“ წევრმა გია ჟორჟოლიანმა პარლამენტში განაცხადა.

პანდემიიდან გამომდინარე, ვაჭრობა შეჩერებული იყო და უნდა განახლდეს მიმდინარე წლის 1 ივლისს. გია ჟორჟოლიანის განმარტებით, ამ ადამიანებმა მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის გადაწყვეტილება მიიღეს, რომ 1 ივლისიდან მათ ექნებათ მხოლოდ ერთი თვის განმავლობაში მუშაობის შესაძლებლობა, ხოლო შემდეგ მათ უნდა შეწყვიტონ თავიანთი საქმიანობა, იმ მიზეზით, რომ თუ ეს საქმიანობა გაგრძელდება, მაშინ მცხეთა ამოღებული იქნება იუნესკოს კულტურულ ძეგლთა სიიდან.

„ეს არასერიოზული გადაწყვეტილებაა. ყველა პირობა უნდა იქნას დაცული როგორც კულტურის ძეგლებთან, ასევე პანდემიასთან დაკავშირებით“, – განაცხადა გია ჟორჟოლიანმა.

მისი თქმით, ალტერნატიული ადგილის მოთხოვნის შემდეგ მოვაჭრეებმა მერიიდან მიიღეს პასუხი, რომ მათ ადგილს გამოუყოფდნენ თეატრის შენობასთან, რომელიც ქალაქიდან მოშორებულია, სადაც ტურისტი და მომხმარებელი არ მივა, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ ადამიანებისთვის საქმიანობას აზრი ეკარგება.

„მოვაჭრეები გაურკვევლობაში არიან, როგორ მოახერხონ მათ ოჯახების რჩენა იმ მინიმალური შემოსავლებით, რომელიც მათ ჰქონდათ, როგორ გადაიხადონ საბანკო ფინანსური ვალდებულებები, რომელიც მათ გააჩნიათ. ამიტომ მოვუწოდებ მცხეთის მერიას, უფრო სერიოზულად და პასუხისმგებლობით მოეკიდოს თავისი კომპეტენციის ფარგლებში არსებულ საკითხებს და შეცვალოს ის გადაწყვეტილება, რომელიც მან მიიღო გარე მოვაჭრეებთან დაკავშირებით“, – განაცხადა გია ჟორჟოლიანმა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0