მოვუწოდებ თამარ ჟვანიას გააკეთოს განცხადება

15/09/2016

მოვუწოდებ ცესკო-ს თავმჯდომარე თამარ ჟვანიას გააკეთოს განცხადება, ვინ ურეკავდა და ვისთან ნათქვამი სიტყვის გადათქმა უჭირდა, – ამის შესახებ ზურაბ ტყემალაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„მოვუწოდებ თამარ ჟვანიას გააკეთოს განცხადება, ვინ ურეკავდა და ვისთან ნათქვამი სიტყვის გადათქმა უჭირდა. წინააღმდეგ შემთხვევაში მე იძულებული გავხდები მივმართო სამართალდამცავ ორგანოებს დაიწყონ გამოძიება, დაადგინონ ამ პერიოდის განმავლობაში, საღამოს 20:00 საათიდან დილის 8:00 საათამდე ვისთან ჰქონდა თამარ ჟვანიას სატელეფონო კავშირი, ვინ სტუმრობდა ან ვის სტუმრობდა და ვისთან ერთად მიიღო გადაწყვეტილება“, – განაცხადა ტყემალაძემ.

მისივე ინფორმაციით, თამარ ჟვანიამ განცხადება მანამდე გააკეთა, სანამ ქმედებას განახორციელებდა.

„20:00 საათზე პრესსპიკერმა და თამარ ჟვანიამ სხვადასხვა არხის საშუალებით საზოგადოებას ამცნეს, რომ 29 პარტიიდან 28-მ წარმატებით გაიარა რეგისტრაცია. ერთმა, ანუ „ეროვნულ-დემოკრატიულმა პარტიამ“ არ წარადგინა დოკუმენტაცია, ანუ იმ 28 პარტიაში ჩვენც ვიგულისხმებოდით. დილით, 8:00 საათზე კი სატელევიზიო ეთერით გვამცნო მთელ საზოგადოებას, რომ ჩვენ არ ჩაგვიბარებია სია და ეს არის საფუძველი, რომ ის გამოსცემს განკარგულებას. მას შევხვდი და სიტუაციის გარკვევის დროს დავუსვი შეკითხვა, რატომ გააკეთა ეს განცხადება, რადგან განცხადების გაკეთება არ უნდა უსწრებდეს წინ ქმედებას. ჯერ ქმედება უნდა განეხორციელებინა, თუ საჭიროდ ჩათვლიდა მოვეხსენით, გამოეცა განკარგულება და ამის შემდეგ ეუწყებინა საზოგადოებისთვის. მან მითხრა, რომ უკეთესი იქნება, თუ მე გეტყვით უარს და თქვენ სასამართლოში წახვალთ და სასამართლოთი აღიდგენთ თავსო“, – განაცხადა ტყემალაძემ.

მისივე თქმით, თამარ ჟვანიამ კითხვაზე, თუ ვინ დაურეკა, ახსენა NDI, IRI, ეუთო, ხოლო შემდეგ გადათქვა მისი ნათქვამი.
როგორც ტყემალაძემ განაცხადა, სასამართლო პროცესი 7 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა და მას ცენტრალური საარჩევნო კომისიიდან 5 იურისტი ესწრებოდა.

„სასამართლომ ბათილად ცნო თამარ ჟვანიას განკარგულება და ცესკოს სია გუშინ ხელმეორედ წარვუდგინეთ. ბლოკის წევრები ვიმსჯელებთ, რომ ვუჩივლოთ თამარ ჟვანიას მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურებისთვის“, – განაცხადა ტყემალაძემ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0