”თავისუფალი დემოკრატების” ლიდერი ირაკლი ალასანია ანტიტერორისტული ცენტრის დაფინანსების გაზრდას მოითხოვს. როგორც ალასანიამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, დღეს თუ არა ხვალ , ეს საფრთხე შესაძლოა საქართველოშიც მოვიდეს.
”აბსოლუტურად საფუძვლიანია ვნებათაღელვა იმასთან დაკავშირებით, დღეს თუ არა ხვალ, ეს საფრთხე მოვიდეს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზეც. ამიტომ, უნდა გასამმაგდეს დაფინანსება ანტიტერორისტული ცენტრის და საზღვრის დაცვის. ეს საფრთხე იმდენად რეალურია და იმდენად ახლოს მოხდა, ჩვენც არ ვართ დაზღვეული და დაცულნი. ამიტომ, მეტი ფული და მეტი რესურსი უნდა გამოიყოს კონკრეტულად ამ მიმართულებით. ახლა რაზეც უნდა ვისაუბროთ, არის ის თუ როგორ უნდა გავხდეთ უფრო დაცული და როგორ უნდა იყოს ჩვენი საზღვრები დაცული ისე, რომ ტერორისტულ აქტებში ან რადიკალურ დაჯგუფებებთან კავშირში ეჭვმიტანილებმა ვერ გადმოკვეთონ საქართველოს საზღვარი”, – განაცხადა ალასანიამ.
რაც შეეხება ახმედ ჩატაევის გათავისუფლებას დღევანდელი ხელისუფლების პირობებში, როგორც ალასანიამ განაცხადა, ვისაც სურს, რომ სტამბოლის აფეთქებასთან საქართველოს ხელისუფლება რაიმე კუთხით დააკავშიროს, ქვეყანას კარგ სამსახურს არ უწევს.
”არანაირად არ ვხედავ კავშირს ჩვენი ხელისუფლების მხრიდან იმასთან, რაც მოხდა სტამბოლში. ვისაც უნდა რომ ეს კავშირი გააბას, ნამდვილად არ გვიწევს კარგ სამსახურს”, – აღნიშნა ალასანიამ.