მოდის შეტყობინებები, რომ მედიას ადგილზე არ აძლევენ მუშაობის საშუალებას

22/05/2016

მე ვაპატიე იმ ადამიანებს, ვინც ქვას ჩემი მიმართულებით ისროდა, თუმცა ვერ და არ ვაპატიებ მათ, ვინც მოსახლეობის მონაპოვარს და ჟურნალისტებს ესვრის ქვას, – ამის შესახებ ”ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მან სამართალდამცველებს მიმართა და სთხოვა, ნებისმიერი ფიზიკური დაპირისპირების ფაქტი მყისიერად აღკვეთონ.

”მოდის შეტყობინებები, რომ მედიას ადგილზე არ აძლევენ მუშაობის საშუალებას და ზოგიერთმა პროვოკატორმა ქვების სროლა დაუწყო ჟურნალისტებს. როგორც ხელისუფლების წარმომადგენელმა, მინდა ვთხოვო შესაბამის სტუქტურებს, ადგილზე მობილიზებულ პოლიციელებს, უმკაცრესად აღკვეთონ ნებისმიერი ფიზიკური დაპირისპირება, გამოავლინონ თითოეული ის პირი, ვინც ქვას ისვრის ან სხვა სახის პროვოკაციას აწყობს, მაქსიმალურად დაიცვან ამომრჩეველი, საარჩევნო უბანი და უზრუნველყონ მედიის უსაფრთხო და თავისუფალი მუშაობა”, – განაცხადა კალაძემ.

”ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” გენერალური მდივანი ასევე მოუწოდებს ყველას, არ დაუშვან ”ნაციონალური მოძრაობის” სცენარით მოვლენების განვითარება. ”მე ძალიან კარგად მახსოვს რა არის, როცა ქვას გესვრიან და სიტყვიერ შეურაცხყოფას გაყენებენ და მთელს ძალისხმევას მივმართავ პირადად მე, რომ ასეთი უმსგავსობა და ველურობა ვერასდროს გაიმეოროს ”ნაციონალურმა მოძრაობამ”. მაქსიმუმს გავაკეთებ მეც და მოვუწოდებ ყველას, რომ არ დავუშვათ ”ნაციონალური მოძრაობის” სცენარით მოვლენების განვითარება. არ დავუშვათ, რომ ჩვენი უმთავრესი მონაპოვარი – დემოკრატიული და ცივილური არჩევნები ჩვეულებისამებრ ძალადობისა და უკანონობის პოლიგონად გადააქციონ. მე ვაპატიე იმ ადამიანებს, ვინც ქვას ჩემი მიმართულებით ისროდა, თუმცა ვერ და არ ვაპატიებ მათ, ვინც მოსახლეობის მონაპოვარს და ჟურნალისტებს ესვრის ქვას”, – განაცხადა კალაძემ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0