მნიშვნელოვან ყურადღებას ვუთმობთ, რომ თავდაცვის სისტემაში სწორედ ჯანდაცვის კომპონენტი იყოს ყველაზე მაღალ ხარისხში წარმოდგენილი

15/11/2018

დღეს ძალიან მნიშვნელოვანი სამედიცინო ობიექტი შეემატა ჩვენს სისტემას, ქუთაისში გაიხსნა სამხედრო ჰოსპიტალი, რომელიც მოემსახურება ჩვენს სამხედროებს, აქ შეძლებენ მიიღონ სრული ამბულატორიული მომსახურება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ქუთაისში სამხედრო ჰოსპიტალის ახალი სამედიცინო ცენტრის გახსნისას განაცხადა.
როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, ძალიან მნიშვნელოვანია ამ ცენტრის გახსნა ქუთაისის და მთლიანად, დასავლეთ საქართველოსთვის, რადგან აქ დისლოცირებულ სამხედროებს სამკურნალოდ აღმოსავლეთ საქართველოში ჩასვლა უწევდათ.

„ძალიან მოკლე ვადაში მოხდა ამ ცენტრის გაკეთება. შვიდ თვეში მივიღეთ ჩვენ ეს ობიექტი, რომელიც დასტურია იმისა, რომ სწორი დაგეგმვის შემთხვევაში ასეთ ობიექტების გახსნა შეიძლება ძალიან მოკლე პერიოდში. ცენტრი აღჭურვილია თანამედროვე ტექნიკით. სასიხარულოა, რომ ჩვენი სამხედრო მოსამსახურეების გარდა, მათ ოჯახის წევრებიც შეძლებენ ისარგებლონ მომსახურებით. ჩვენ ძალიან მნიშვნელოვან ყურადღებას ვუთმობთ, რომ სწორედ ჯანდაცვის კომპონენტი იყოს ყველაზე მაღალ ხარისხში წარმოდგენილი ჩვენს თავდაცვის სისტემაში”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მისივე თქმით, ახალი სამედიცინო ცენტრის მშენებლობა აქტიურად დაიწყება წეროვანშიც.

„წეროვანში ცენტრის მშენებლობაში გვეხმარებიან ჩვენი ამერიკელი პარტნიორები, სადაც შეძლებენ ჩვენი დაჭრილი მეომრების სრულფასოვანი რეაბილიტაციის გავლას და სწორედ მომავალი წლის ბოლოს შეიძლება ჩაითვალოს, რომ თავდაცვის სისტემაში გვექნება უკვე დასრულებული სამედიცინო კომპონენტის სრულფასოვანი იმპლემენტაცია. აქვე მინდა შევეხო თავდაცვის სისტემაში ჩვენს სოციალურ პოლიტიკასაც და იმ პროგრამებს, რომელსაც ვახორციელებთ სამხედრო მოსამსახურეებისთვის, ძალიან მნიშვნელოვან პრიორიტეტში გვაქვს ჩვენ აყვანილი ბინებით უზრუნველყოფა. ჩვენ განვაცხადეთ, რომ შემდეგი ორი წლის განმავლობაში შევასრულებთ სრულად იმ ვალდებულებას, რომელიც ჯერ კიდევ 2007 წელს აიღო სახელმწიფომ და სამხედროებს გადაეცემათ ბინები. ამასთან ერთად მოგეხსენებათ, მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტში ჩაიდო სახელფასო ნაწილის ზრდის კომპონენტი. ვფიქრობ, რომ ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯებია გადადგმული, თუმცა ეს არ არის საკმარისი და ჩვენ მომავალ წლებშიც გავაგრძელებთ ამ პრიორიტეტებზე მუშაობს”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0