საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე დიპლომატის დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა:
“ქალბატონებო და ბატონებო, დიდი პატივისცემით მოგესალმებით ყველას! ქართული დიპლომატის დღესთან დაკავშირებული შეხვედრა არ შემიძლია არ დავიწყო ჩვენი დიდი წინაპრის, სულხან-საბა ორბელიანის ხსენებით, რომლის სახელსაც უკავშირდება სწორედ ქართული დიპლომატია. სულხან-საბა 300 წლის წინ ეძებდა გზებს ჩვენი სამშობლოს გადასარჩენად და სწორედ ევროპასთან დაახლოება მიაჩნდა მას ერთადერთ გზად და ხსნად. დღეს საქართველო ევროპული ოჯახის ღირსეული ნაწილია და თანამიმდევრული ნაბიჯებით მყარად დგას ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციის გზაზე. ჩვენი ქვეყანა თავისი გეოპოლიტიკური მდებარეობის გამო ყოველთვის იდგა ისტორიული მოვლენების ეპიცენტრში და არაერთი გამოწვევების წინაშე, და თუ რამე ხელს გვიწყობდა, რომ თავი დაგვეღწია კრიზისებისა და სირთულეებისთვის, – ეს გახლდათ სწორედ დიპლომატია. გასული საუკუნის მიწურულს, როდესაც დამოუკიდებლობის აღდგენის კვალდაკვალ ჩვენს ქვეყანას დასჭირდა ხელახალი სახელმწიფოებრივი აღიარება, სწორედ ჩვენი დიპლომატების მაღალი პროფესიონალიზმისა და თავგანწირული შრომის შედეგად გახდა შესაძლებელი მსოფლიო პოლიტიკურ რუკაზე საქართველოს ხელახალი დამკვიდრება. დღეს არანაკლები ძალისხმევაა საჭირო ჩვენი სახელმწიფოს დამოუკიდებლობის განსამტკიცებლად და რაც მთავარია – ევროპულ ოჯახში დასაბრუნებლად, რისთვისაც თქვენი თავდადებითი შრომა არის მთავარი წინაპირობა,რომ ჩვენ ამ სანუკვარ მიზანს მივაღწიოთ. მინდა საქართველოს მთავრობის სახელით დიდი მადლობა მოგახსენოთ ამისთვის და მომავალში კიდევ უფრო წარმატებული საქმიანობა გისურვოთ. დღეს, ჩვენი დიპლომატიური კორპუსისა და მთავრობის ძალისხმევით ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის კუთხით გადადგმული წარმატებული ნაბიჯების შედეგად, საქართველო გახლავთ ევროკავშირის ერთ-ერთი ძლიერი მოკავშირე და აღიარებულია ლიდერ სახელმწიფოდ „აღმოსავლეთ პარტნიორობის” ფარგლებში, ხოლო ჩვენი ნატოელი მეგობრები უფრო მეტად უსვამენ ხაზს საქართველოს მზაობას ალიანსის წევრობისათვის. ევროკავშირთან ჩვენი მჭიდრო თანამშრომლობის დასტურია მხარეების მიერ ინიციირებული ახალი უმაღლესი დონის დიალოგის ფორმატიც,რომელიც თავისი არსით უპრეცედენტოა და რომლის პირველი შეხვედრაც ბრიუსელში მიმდინარე წლის ნოემბერში გაიმართება. დარწმუნებული ვარ, დიალოგი ხელს შეუწყობს საქართველოს მეტ დაახლოებას ევროკავშირთან და გახსნის ახალ შესაძლებლობებს ჩვენი ქვეყნისთვის. დღევანდელ ტურბულენტურ გარემოში ქართული დიპლომატიური სამსახურის წყალობით ვიბრძვით ჩვენი ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევების დასაძლევად, რომელთა შორის უპირველეს ამოცანად რჩება მშვიდობიანი გზებით ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და დეოკუპაცია. საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის ფართომასშტაბიანი სამხედრო აგრესიიდან 10 წლისთავზე, საერთაშორისო თანამეგობრობამ კიდევ ერთხელ დააფიქსირა ერთსულოვანი პოზიცია საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და მკაფიო შეფასებები მისცა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიმდინარე უკანონო პროცესებს. ჩვენი პარტნიორებისა და მეგობრების მხრიდან ასევე მოჰყვა მკაცრი შეფასება ამ დღეებში სოფელ ატოცში მიმდინარე უკანონო პროცესებს. რუსეთის ფედერაციის მიერ ხელოვნური ბარიერების მშენებლობის განახლება საოკუპაციო პოლიტიკის ხელწერაა 2008 წლიდან. ჩვენ არ შევეგუებით არც ახალ და არც ძველ მავთულხლართებს და ყველა ბერკეტს გამოვიყენებთ ამ პროცესის შესაჩერებლად. როგორც იცით, ეთნიკური ნიშნით ძალადობის, არაადამიანური და სასტიკი დანაშაულებების გამო შეიქმნა „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია”,რომელშიც ჩაიწერა ამ დანაშაულებების ჩადენაში ბრალდებული და მსჯავრდებული პირების გვარები. ამ სიის ფიგურანტებს საერთაშორისო დონეზე უნდა მოეთხოვოთ პასუხი და თქვენი როლი ამ სიმართლის მოპოვებაში არის ძალიან მნიშვნელოვანი. აქედან გამომდინარე, მე კიდევ ერთხელ მინდა მოვუწოდო თითოეულ თქვენთაგანს, სწორედ ეს იყოს ჩვენი ყოველდღიური საქმიანობის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი. ჩვენი დიპლომატიური კორპუსის აქტიური ძალისხმევით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების საკითხი მუდმივად დგას საერთაშორისო თანამეგობრობისა და ჩვენი პარტნიორების დღის წესრიგში როგორც ორმხრივ ფორმატებში, ისე საერთაშორისო ორგანიზაციებში,გაეროში, ეუთოსა და ევროსაბჭოში. მინდა აღვნიშნო, რომ მნიშვნელოვანი წინსვლა გვაქვს ორმხრივ დიპლომატიაში, განსაკუთრებით მინდა ხაზი გავუსვა ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან აშშ-თან, ურთიერთობის გამყარების მხრივ როგორც თავდაცვისა და უსაფრთხოების, ისე სავაჭრო-ეკონომიკური მიმართულებით.დღეს, როგორც არასდროს, ისე მყარია ევროპის ქვეყნებთან ორმხრივი დინამიკური თანამშრომლობა და თვისებრივად უფრო მაღალ,სტრატეგიულ დონეზეა აყვანილი ეს ორმხრივი ურთიერთობები. ეს გახლავთ თქვენი, ჩვენი დიპლომატიური კორპუსის ერთ-ერთი მთავარი მიღწევა. კიდევ ერთხელ გულწრფელი მადლობა მინდა მოგახსენოთ თქვენი შემართებისათვის, პატრიოტიზმისა და თავდადებული საქმიანობისთვის.მინდა გისურვოთ წარმატებები საქართველოს საკეთილდღეოდ და დაგარწმუნოთ კიდევ ერთხელ, რომ ჩვენ აუცილებლად შევძლებთ, დავაყენოთ ის ისტორიული შედეგი, რომლისთვისაც მრავალი თაობა ასე გულანთებით იბრძოდა. საქართველო აუცილებლად გახდება ევროკავშირის და ნატოს სრულფასოვანი წევრი”.
მნიშვნელოვანი წინსვლა გვაქვს ორმხრივ დიპლომატიაში
10/11/2018