მნიშვნელოვანი რეფორმა წამოვიწყეთ, რომელთაგან ზოგიერთი ახლაც განხორციელების პროცესშია

13/05/2021

თბილისის მერიაში მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომა გაიმართა. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე, დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ რამდენიმე განცხადება გააკეთა. როგორც აღინიშნა, თბილისის მერია 18 მაისიდან იმ პროექტების პრეზენტაციას იწყებს, რომელიც 2017 წლიდან დღემდე, შვიდი ძირითადი პოლიტიკის მიმართულებით განახორციელა.

„2017 წელს ჩვენ თბილისის მოსახლეობამ ოთხი წლის ვადით აგვირჩია. ეს მანდატი წელს ოქტომბერში იწურება. ვასრულებთ ჩვენს უფლებამოსილებას, რომელიც დედაქალაქის მოსახლეობის უმრავლესობამ მოგვანიჭა. როდესაც ვმონაწილეობდით 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში, საზოგადოებას წარმოვუდგინეთ ჩვენი ხედვა, რომელიც შედგებოდა შვიდი ძირითადი პოლიტიკისგან. ეს იყო ის მიმართულებები, რომელიც ყველაზე მეტად აწუხებდა თბილისის მოსახლეობას. ეს იყო ურბანული განვითარების პოლიტიკა, სატრანსპორტო პოლიტიკა, ეკოლოგიური პოლიტიკა, სოციალური პოლიტიკა, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის პოლიტიკა, ეკონომიკური პოლიტიკა და მართვის პოლიტიკა. ჩვენ ამ შვიდივე მიმართულებით ძალიან ბევრი და მნიშვნელოვანი პროექტი განვახორციელეთ, მნიშვნელოვანი რეფორმა წამოვიწყეთ, რომელთაგან ზოგიერთი ახლაც განხორციელების პროცესშია. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და მუნიციპალიტეტის თითოეულ თანამშრომელს მადლობა გადავუხადო იმ საქმიანობისთვის, რასაც ისინი ამ ოთხი წლის განმავლობაში აკეთებდნენ – ღირსეულად ემსახურებოდნენ, ემსახურებიან და მომავალშიც მოემსახურებიან თბილისს და თბილისელებს“, – განაცხადა თბილისის მერმა.

მისივე თქმით, დედაქალაქის მოსახლეობა მიიღებს დეტალურ ინფორმაციას, თუ რა პროექტები განხორციელდა აღნიშნული შვიდი მიმართულებით.

„მინდა, 18 მაისიდან დედაქალაქის მოსახლეობას წარვუდგინო ერთგვარი ანგარიში, თუ რა გაკეთდა და რა პროექტები განხორციელდა ამ შვიდი მიმართულებით. თითო პოლიტიკას თითო კვირას დავუთმობთ და საზოგადოებას წინასწარ მივაწოდებთ ინფორმაციას, თუ რომელ მიმართულებაზე გვექნება საუბარი. ეს იქნება ერთგვარი ანგარიში თბილისის მოსახლეობის მიმართ. ჩვენ ამ ოთხი წლის განმავლობაში ყოველთვის გამოვირჩეოდით აქტიურობით და ვცდილობდით, რომ საზოგადოებისთვის მიგვეწოდებინა სრულყოფილი ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა პროექტები ხორციელდება დედაქალაქში, რა პრობლემებია, რა იგეგმება სამომავლოდ. ამას გავაგრძელებთ და ეს დამოკიდებულება გვექნება თბილისის მოსახლეობის მიმართ“, – განაცხადა თბილისის მერმა და საზოგადოებას მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა, რაც მისი თქმით, დედაქალაქის მთავრობისთვის სამომავლო საქმიანობაში დიდი სტიმულია.

მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ასევე აღინიშნა, რომ კოოპერატიული ბინათმშენებლობებით დაზარალებულთა ფართებით დაკმაყოფილების პროცესში 16 გამარჯვებული კომპანიაა ჩართული. თბილისის მერის თქმით, გამარჯვებული კომპანიებიდან ექვსს სამშენებლო ნებართვები უკვე მოპოვებული აქვს და მშენებლობაც მიმდინარეობს, ხოლო ათ პროექტთან დაკავშირებით, სამშენებლო ნებართვების მოპოვების პროცედურები გრძელდება.

„ჩვენი გუნდის ერთ-ერთი დაპირება კოოპერატიული ბინათმშენებლობებით დაზარალებულთა საცხოვრებელი ფართებით ეტაპობრივად დაკმაყოფილება იყო. თბილისში, ჯამში, 3 000-მდე პირი არის დარეგისტრირებული, რომლის წინაშე ვალდებულება სახელმწიფოს აღიარებული აქვს. ეს პრობლემა დედაქალაქში ათეული წელია არსებობს. ჩვენ ამ მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯები უკვე გადავდგით“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის თქმით, მუნიციპალური ნაკვეთების მოძიებაზე მუშაობა გრძელდება იმისთვის, რომ დანარჩენი დაზარალებულებს მსგავსი მოდელით გადაეცეთ მიწის ნაკვეთები და საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილდნენ.

„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი სოციალური პროექტი, რომლის მეშვეობითაც, 3 000-მდე ოჯახს საკუთარი ბინების ქონის შესაძლებლობა ექნება“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

გარდა ამისა, დედაქალაქის მერმა განაცხადა, რომ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე, მუნიციპალურმა ტრანსპორტმა მუშაობა განაახლა. შეზღუდვა იხსნება დედაქალაქში არსებულ საბაგირო გზებზეც. კახა კალაძემ კიდევ ერთხელ მოუწოდა მოქალაქეებს, ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის, მგზავრობისას პირბადე აუცილებლად გამოიყენონ.

„უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე, დღეს მუნიციპალურმა ტრანსპორტმა, როგორც ავტობუსებმა, ისე მეტრომ და მიკროავტობუსებმა, მუშაობა განაახლა. გარდა ამისა, კუს ტბისა და რიყე-ნარიყალას საბაგირო გზებზეც იხსნება შეზღუდვა და მგზავრებს ჩვეულ რეჟიმში, 08:00-დან 20:00 საათამდე მოემსახურება. ძირითადი პირობა რაც იყო – პირბადით მგზავრობა, ძალაში რჩება და ეს წესი ყველამ უნდა გავითვალისწინოთ, შევასრულოთ იმისთვის, რომ დავიცვათ ერთმანეთის ჯანმრთელობა და სიცოცხლე“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

თბილისის მერის განცხადებით, კვლავ ძალაში რჩება მგზავრობისას დაწესებული შეზღუდვები, რომელიც პირბადით გადაადგილების აუცილებლობას ითვალისწინებს.

„რაც შეეხება საზოგადოებრივი ტრანსპორტის უსაფრთხოებას, ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, გრძელდება ტრანსპორტის ყოველდღიური დამუშავება სპეციალური სადეზინფექციო ხსნარებით. ეს პრევენციული ღონისძიებები მომავალშიც გაგრძელდება და საზოგადოებრივი ტრანსპორტის ყოველდღიური დამუშავება მოხდება შესაბამისი ხსნარებით“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მთავრობის დღევანდელ სხდომაზე თბილისის მერმა ასევე, ყურადღება მუნიციპალურ ქონებაზე გარე რეკლამის განთავსების საკითხზეც გაამახვილა და აღნიშნა, რომ ნებართვის მისაღებად, უახლოეს მომავალში აუქციონი გამოცხადდება. მისი თქმით, მუნიციპალიტეტი ამზადებს ახალ პირობებს, რომელიც მომგებიანი და ხელსაყრელი იქნება დედაქალაქის მერიისთვის.

„2009 წელს მუნიციპალიტეტს გამოცხადებული ჰქონდა აუქციონი, რომლის შედეგადაც გამოვლინდა გამარჯვებული კომპანია და მან 12 წლის ვადით გარე რეკლამების განთავსებაზე უფლება მოიპოვა. წელს, აღნიშნულ კონტრაქტს ვადა ეწურება და ვიწყებთ მუშაობას ახალი აუქციონის გამოცხადებაზე. ჩვენი გუნდი ამზადებს ახალ პირობებს, რომელიც მომგებიანი და ხელსაყრელია მუნიციპალიტეტისთვის“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა დაინტერესებულ ბიზნესსუბიექტებს მიმართა, პროცესში ჩაერთონ და მუნიციპალიტეტს თავიანთი მოსაზრებები გაუზიარონ.

„მინდა, დაინტერესებულ ბიზნესსექტორს, კომპანიებს მოვუწოდო, ჩაერთონ პროცესში, დაგვიკავშირდით. უშუალოდ ვიცე-მერს, ირაკლი ხმალაძეს შეგიძლიათ მიმართოთ და მონაწილეობა მიიღოთ ამ პროცესში, გაგვიზიაროთ თქვენი მოსაზრებები და დაინტერესების შემთხვევაში, ჩაერთოთ აუქციონში, რომლის გამოცხადებასაც უახლოეს მომავალში ვგეგმავთ“, – აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

მისივე თქმით, აუქციონი მუნიციპალიტეტისთვის ერთიანი თანხის წინასწარ გადახდის პირობით ჩატარდება. მთავრობის სხდომაზე კახა კალაძემ „დინამოელებსა“ და ქართველ გულშემატკივრებს 13 მაისი მიულოცა. 1981 წლის ევროპის თასების მფლობელთა თასის ფინალში თბილისის „დინამოს“ გამარჯვებიდან 40 წელი გავიდა. თბილისის მერის განცხადებით, 1981 წლის 13 მაისს მოპოვებული გამარჯვება საქართველოსთვის დიდი წარმატება იყო.

„კიდევ ერთხელ მინდა „დინამოელებს“, ქართველ გულშემატკივარს, ბიჭებს, ამ თაობას, ყველას, ვინც 1981 წლის 13 მაისმა გაახარა, მივულოცო ეს დღე. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო მათ. ისინი ჩემი უფროსი მეგობრები არიან და ნამდვილად მეამაყება, რომ თბილისის „დინამომ“ შეძლო თასების მფლობელთა თასზე ფინალში გამარჯვება. რა თქმა უნდა, თბილისის „დინამო“ ისტორიაში ოქროს ასოებით ჩაეწერა ამ მიმართულებით და ამისთვის ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ბიჭებს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0