მნიშვნელოვანია, სოციალურად დაუცველების არა მხოლოდ საზოგადოებრივ საქმიანობაში ჩართვა, არამედ მათი ეტაპობრივი გადასვლა და მათი პროფესიული უნარების განვითარება

28/11/2022

მინდა საუბარი დავიწყო ბიუჯეტის თემის განხილვით. ჩვენ პარასკევს გვქონდა ბოლო განხილვა ეკონომიკური საბჭოს ფორმატში და 30 ნოემბერს პარლამენტს წარედგინება ბიუჯეტის საბოლოო ვარიანტი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მიმდინარე წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი დაზუსტდება და ნაცვლად 8,5%-ისა იქნება 10%, რაც ნიშნავს, რომ ზედიზედ 2 წლის განმავლობაში ქვეყანას აქვს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა.

„მოგესალმებით, მინდა დღეს საზოგადოებას მივაწოდო ინფორმაცია მნიშვნელოვანი საკითხების თაობაზე. ვფიქრობ, ჩვენ მივიღეთ საინტერესო გადაწყვეტილებები და ამის თაობაზე მინდა ინფორმაცია მივაწოდო ჩვენს საზოგადოებას. მიმდინარე წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზს დავაზუსტებთ და ნაცვლად 8,5%-ისა გვექნება 10%. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ზედიზედ 2 წლის განმავლობაში გვაქვს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, რაც სწორი ეკონომიკური პოლიტიკის შედეგია. მინდა შევახსენო ყველას, რომ დაახლოებით 80 მლრდ ლარი იქნება მთლიანი შიდა პროდუქტი ჩვენი ქვეყნის. ეს ნიშნავს, რომ დაახლოებით, ერთ სულ მოსახლეზე გადაანგარიშებით, „პერ კაპიტა”, ასე ვთქვათ, 7 500 დოლარს მიაღწევს, რაც, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი პროგრესია ბოლო ორი წლის განმავლობაში. ასევე მინდა ვთქვა, რომ ბოლო 1 წელიწადში დაახლოებით ასი ათასზე მეტი ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა. უმუშევრობა ჩამოვიდა ისტორიულ მინიმუმამდე, სიღარიბის შემცირებაც გვაქვს და ყველა მიმართულებით გვაქვს ზრდა, იქნება ეს ტურიზმი, ექსპორტი თუ შიდა წარმოება. მოკლედ, ყველა მიმართულებით გვაქვს პოზიტიური მაჩვენებლები. ფაქტობრივი მობილიზების დინამიკის გათვალისწინებით, ჩვენ ვზრდით 2023 წლის ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლების გეგმურ მაჩვენებელს დაახლოებით 390 მილიონი ლარით. გარდა ამისა, გაიზრდება სესხების დაბრუნებისა და სხვა შემოსავლების გეგმური მაჩვენებლები დაახლოებით 270 მლნ ლარით. აღნიშნულიდან გამომდინარე, ჩვენ მომდევნო წელს რესურსი გვეზრდება 660 მილიონი ლარით და, შესაბამისად, ამავე თანხით გაიზრდება ნაერთი ბიუჯეტი და ჯამში 25 მილიარდი ლარი იქნება ნაერთი ბიუჯეტი,” – აღნიშნა პრემიერმა.

2 წლის წინ სოციალურად დაუცველი ბავშვების დახმარება 50 ლარი იყო. 2023 წლის 1 ივლისიდან ეს დახმარება 200 ლარი გახდება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. პრემიერ-მინისტრის თქმით, სოციალურად დაუცველი ბავშვების დახმარებისთვის 65 მილიონი ლარი დაიხარჯება.

„მინდა რამდენიმე საინტერესო ასპექტი გამოვყო და კიდევ ერთხელ მინდა, რომ ინფორმაცია მოგაწოდოთ. ჩვენ სოციალური მიმართულებით მომდევნო წელს სოციალური გასაცემლების ზრდა გვაქვს გათვალისწინებული, გვქონდა ყველა მიმართულებით, იქნება ეს პენსიები, შშმ პირთა დახმარებები და სხვა, და ამას ჩვენ დავუმატეთ სოციალურად დაუცველი ბავშვების დახმარების ზრდაც, რაც არ იყო ბიუჯეტის წინა ვარიანტში განსაზღვრული. მოგეხსენებათ, რომ ბავშვების დახმარება თითო ბავშვზე იყო 50 ლარი, დაახლოებით 2 წლის წინ, თუ არ ვცდები, და გაისად, 2023 წლის 1 ივლისიდან, ეს თანხა 200 ლარი გახდება. თითო ბავშვზე გავცემთ 200 ლარს, რაც მნიშვნელოვანია, და ამაში 65 მილიონი ლარი დაიხარჯება”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

კერძო სექტორში დასაქმებულთათვის დეკრეტული შვებულების პერიოდში დახმარებას გავაორმაგებთ და პირველი იანვრიდან, 1000 ლარის ნაცვლად, 2000 ლარი გახდება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. პრემიერ-მინისტრის თქმით, მანამდე მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, 2023 წლიდან, სკოლის მასწავლებლები დეკრეტული შვებულების დროს სრულ ხელფასს მიიღებენ.

„ეგრეთ წოდებული დეკრეტული შვებულებების საკითხი იყო საკმაოდ პრობლემატური. ამის თაობაზე მე პარლამენტშიც მთხოვეს საკითხის გადაწყვეტა. გვქონდა ამის თაობაზე მსჯელობა და გადავწყვიტეთ, რომ კერძო სექტორში დასაქმებულებისთვისაც გავაორმაგოთ დახმარება დეკრეტული შვებულების პერიოდში და პირველი იანვრიდან, 1000 ლარის ნაცვლად, გახდება 2000 ლარი. მანამდე, გახსოვთ, რომ ჩვენ სკოლის მასწავლებლების შემთხვევაში გავითვალისწინეთ ზრდა და მომდევნო წლიდან სკოლის მასწავლებლები დეკრეტული შვებულების დროს სრულ ხელფასს მიიღებენ. ახლა უკვე, კერძო სექტორში დასაქმებულებისთვისაც გადავწყვიტეთ და ეს დახმარება, 1000 ლარის ნაცვლად, იქნება 2000 ლარი”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ჩვენ გადავწყვიტეთ, დავიწყოთ საბავშვო ბაღების მშენებლობისა და რეაბილიტაციის პროგრამა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის სხდომაზე განაცხადა. პრემიერის თქმით, პროგრამა განხორციელდება სამ ეტაპად. პირველი ეტაპი დაიწყება 2023 წლის 1 იანვრიდან და ამ პროგრამის დაფინანსებაში მიიმართება 100 მილიონი ლარი. სულ პროგრამა 1,3 მილიარდი ლარი დაჯდება.

„კიდევ მინდა გამოვყო რამდენიმე მნიშვნელოვანი ასპექტი. განათლების მიმართულებით ჩვენ, გახსოვთ, რომ 400 მილიონი ლარით გავზარდეთ ბიუჯეტი. ამის ფარგლებში, ჩვენ გვაქვს დაგეგმილი 500 სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაცია, მაგრამ ჩვენ დამატებით კიდევ 150 მილიონ ლარზე მეტს მივმართავთ განათლების დაფინანსებაზე. მინდა, რომ გაცნობოთ ერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების თაობაზე. იცით, რომ ბაღები ძალიან სავალალო მდგომარეობაშია ქვეყნის მასშტაბით. ბატონმა ირაკლი ქარსელაძემ, ჩემი დავალებით, დაამუშავა ეს საკითხი. გამოიკვეთა, რომ 885 საბავშვო ბაღი საჭიროებს მშენებლობა-რეაბილიტაციას. ამიტომ, ჩვენ გადავწყვიტეთ, დავიწყოთ საბავშვო ბაღების მშენებლობისა და რეაბილიტაციის პროგრამა. ეს პროგრამა განხორციელდება სამ ეტაპად და პირველ ეტაპს დავიწყებთ 2023 წლის 1 იანვრიდან. ამ პროგრამის დაფინანსებაში მიიმართება 100 მილიონი ლარი. სულ, ჯამში, დაგვიჯდება 1,3 მილიარდი ლარი და სრულიად რეაბილიტირდება და აშენდება ახალი ბაღები მთელი ქვეყნის მასშტაბით. იცით, რომ ჩვენ ანალოგიური პროგრამა დაწყებული გვაქვს და პირველი იანვრიდან დაიწყება სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაცია. აქაც გვაქვს დაახლოებით 800 სკოლა ჩასმული. 500 სკოლას ვიწყებთ გაისად, რაც მნიშვნელოვანია ჩვენი მომავალი თაობისთვის. ჩვენი ქვეყნის მომავალი თაობა, ჩვენი ბავშვები უნდა იზრდებოდნენ ჯანსაღ, ნამდვილად კარგ გარემოში. ეს უნდა დავიწყოთ საბავშვო ბაღიდან, შემდეგ სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში. გარდა ამისა, 30 მილიონ ლარზე მეტი მიიმართება სკოლებში კომპიუტერული ლაბორატორიების მოწყობისთვის, რაც ძალიან მნიშვნელოვანია”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

პრემიერ-მინისტრის თქმით, 200 მლნ ლარი გამოიყოფა ტურიზმის მიმართულებით, ახალი ტურისტული ლოკაციების განვითარების პროგრამაზე. ასევე, პოლიციას დაემატება 35 მლნ ლარი.

ჩვენთვის, ყველასთვის, კარგად არის ცნობილი, რომ ტურიზმი არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წვლილის შემტანი ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის ზრდაში და ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. რამდენიმე თვის წინ დავიწყეთ მუშაობა ახალი ტურისტული ლოკაციების ჩამოყალიბებაზე. ჩემი დავალებით, ეს პროგრამა უკვე გამზადებულია. ამის თაობაზე საზოგადოებას რამდენიმე ხანში წარვუდგენთ უკვე კონკრეტულ გეგმას, რომელიც როგორც არსებული ლოკაციების, ისე ახალი ლოკაციების განვითარებას შეეხება. მომდევნო წელს ჩვენ ვიწყებთ ახალი ტურისტული ლოკაციების განვითარებას, მათ შორის, არსებულის სრულ რეაბილიტაციას და ამ მიზნით ჩვენ გამოვყოფთ 200 მლნ ლარს, 200 მლნ ლარი გამოიყოფა ტურიზმის მიმართულებით, ახალი ტურისტული ლოკაციების განვითარების პროგრამისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, თბილისში ინფრასტრუქტურული პროექტების დასაფინანსებლად დამატებით გამოიყოფა 170 მლნ ლარი.

„თბილისში ასევე ინფრასტრუქტურული პროექტების დასაფინანსებლად დამატებით გამოიყოფა 170 მლნ ლარი. ჩვენ ასევე 30 მლნ ლარით გავუზარდეთ ბატონი ირაკლი ქარსელაძის უწყებას ბიუჯეტი. კულტურისა და სპორტის მიმართულებით გამოიყოფა 55 მილიონი ლარი და ასევე ჩვენს საამაყო პოლიციას დავუმატეთ 35 მლნ ლარი. ესაა ძირითადი მიმართულებები, რაზეც გადანაწილდება ახალი ბიუჯეტი და დამატებითი რესურსი, რომელიც ჩვენ გამოვნახეთ 660 მლნ ლარის ოდენობით. რა თქმა უნდა, მოთხოვნები გაცილებით მეტი იყო, სამინისტროებს ჰქონდათ კონკრეტული გეგმები წარმოდგენილი, მაგრამ ამ ეტაპზე ჩვენ ასე ჩავთვალეთ, რომ ეს არის ის აუცილებლად გასაკეთებელი და დასაფინანსებელი პროექტები და პროგრამები, რომლებიც წაადგება ჩვენს ქვეყანას და, ზოგადად, ჩვენს ხალხს,”- აღნიშნა პრემიერმა. ჩვენ მიმდინარე წელს დამატებით ველოდებით 400 მილიონ ლარზე მეტს. ამის ფარგლებში, ჩვენ შევამცირებთ ბიუჯეტის დეფიციტს და ჩამოვიყვანთ 3,1%-მდე – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ბიუჯეტის დეფიციტი წლის დასაწყისში იყო 4,4% და ახლა ეს ციფრი 3%-მდე დაიწევს.

„ჩვენ მიმდინარე წელს დამატებით ველოდებით 400 მილიონ ლარზე მეტს. ამის ფარგლებში, ჩვენ შევამცირებთ ბიუჯეტის დეფიციტს და ჩამოვიყვანთ 3,1%-მდე. შეგახსენებთ, რომ ბიუჯეტის დეფიციტი წლის დასაწყისში იყო 4,4% და ახლა ჩვენ ჩამოვწევთ დეფიციტს თითქმის 3%-მდე”, – განაცხადა პრემიერმა.

ჩვენ ვიწყებთ მასშტაბურ პროექტს, – ეს არის დევნილების ბინების მშენებლობა. 7000 ოჯახზე არის გათვლილი საცხოვრებელი ბინების მშენებლობა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. პრემიერის თქმით, წელსვე ამ მიზნით 50 მილიონ ლარზე მეტი გამოიყოფა.

„ჩვენ ვიწყებთ მასშტაბურ პროექტს, – ეს არის დევნილების ბინების მშენებლობა. 7000 ბინაზე არის გათვლილი საცხოვრებელი ბინების მშენებლობა და ჩვენ, წელსვე, ამ მიზნით გამოვყოფთ 50 მილიონ ლარზე მეტს” – განაცხადა პრემიერმა.

ტურიზმის ხელშეწყობის მიზნით, ჩვენ გვაქვს გეგმა, რომ მომდევნო ორი წლის განმავლობაში ქვეყანაში ჩამოვიყვანოთ მსოფლიო დონის ვარსკვლავები – შემსრულებლები, არტისტები, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.]პრემიერის თქმით, ივნისში, ივლისში, აგვისტოსა და სექტემბრის დასაწყისში ქვეყანაში გაიმართება მსოფლიო დონის შემსრულებლების კონცერტები.

„ტურიზმის ხელშეწყობის მიზნით, ჩვენ გვაქვს გეგმა, რომ მომდევნო ორი წლის განმავლობაში ქვეყანაში ჩამოვიყვანოთ მსოფლიო დონის ვარსკვლავები – შემსრულებლები, არტისტები და ივნისში, ივლისში, აგვისტოსა და სექტემბრის დასაწყისში ქვეყანაში გაიმართება მსოფლიო დონის შემსრულებლების კონცერტები სტადიონებზეც და ასევე ბლექ სი არენაზე. ამ მიზნით, ჩვენ გამოვყოფთ 70 მილიონ ლარს. ჩვენ გვაქვს შესაბამისი თანხები. მომდევნო ორ წელიწადში ეს პროექტი დაფინანსდება და, ვფიქრობ, დამატებით მოიზიდავს ტურისტებს. და, ვფიქრობ, საინტერესო პროგრამა გამოგვივა. ეს არის ძირითადი ცვლილებები, რაც უკავშირდება ბიუჯეტს, როგორც წლევანდელს, ისე ახალ ბიუჯეტს. როგორც მოგახსენეთ, პარლამენტში გაიგზავნება ზეგ, 30 ნოემბერს და, იმედი მაქვს, ჩვენი პარლამენტის მხარდაჭერის “- განაცხადა პრემიერმა. პრემიერ-მინისტრის ინფორმაციით, მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ბინების დაკანონების საკითხი განიხილება.

„მინდა ძალიან მოკლედ გითხრათ, რომ დღეს მთავრობის სხდომაზე განვიხილავთ ბინების დაკანონების საკითხს. 85 ოჯახს გადაეცემა საკუთრებაში ფართები, რაც მანამდე არ იყო გადაცემული მათთვის” – ამის შესახებ მთავრობის მეთაურმა დღეს განაცხადა. პრემიერის თქმით, არსებობს ინფორმაცია, თითქოს PSP-ის აფთიაქებში მომხმარებლის შეცდომაში შეყვანა ხდება თურქულ მედიკამენტებთან დაკავშირებით. და, თუ მსგავსი რამ განმეორდა, ძალიან მკაცრი რეაგირება მოჰყვება თითოეულ შემთხვევას. ერთი საგანგაშო ინფორმაცია მოვისმინე რამდენიმე დღის წინ. მინდა პირდაპირ -დავასახელო ეს კომპანია – PSP, თითქოს PSP-ის აფთიაქებში მომხმარებლის შეცდომაში შეყვანას აქვს ადგილი. მაგალითად, როცა შედის მომხმარებელი და კონკრეტული წამლის ყიდვას ითხოვს და, ეს ვიცი, რომ დავალებაა, ასეთი ინფორმაცია არსებობს, ამას, რა თქმა უნდა, გადამოწმება სჭირდება, გამყიდველი ეუბნება, რომ რომელი გნებავთ, ხარისხიანი, ძვირიანი თუ უხარისხო თურქულიო. ამას რა ჰქვია, თუ არა მომხმარებლის შეცდომაში შეყვანა. ესაა მტრობა, პირდაპირ. როგორ შეიძლება ადამიანმა ასეთი უმსგავსობა ჩაიდინოს და მომხმარებელი შეიყვანოს შეცდომაში, პენსიონერი და ძალიან ბევრი გაჭირვებული ადამიანი ყიდულობს წამალს, ნებისმიერ შემთხვევაში, რა მნიშვნელობა აქვს, ვინ შევა აფთიაქში. ამას სჭირდება რეაგირება. მე ამის თაობაზე მქონდა საუბარი ბატონ ზურა აზარაშვილთან. მსგავსი ფაქტის განმეორების შემთხვევაში, ძალიან მკაცრი რეაგირება მოჰყვება თითოეულ ასეთ შემთხვევას. ესაა დაუშვებელი, მიუღებელი კატეგორიულად. გასაგებია, რომ ეს 200 მლნ ლარი, რომელიც მათ უნდა წაეღოთ და მათ შორის ამ ჯგუფის ხელმძღვანელს, ეს მათთვის არაა სასიამოვნო ინფორმაცია, მაგრამ ჩვენი მთავარი ვალდებულება, მინდა, ყველას შევახსენო, მათ შორის, ოპოზიციას და ოპონენტებს, არის ჩვენს ხალხზე ზრუნვა და, სწორედ, რაც ხალხს სჭირდება, ის უნდა გავაკეთოთ. ამიტომ, ამ პროცესს ვერავინ შეაჩერებს”- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ზურა აზარაშვილი აქტიურად მუშაობს მედიკამენტების ფასების შემცირების საკითხზე და პრემიერის ინიციატივის, კერძოდ, თურქეთის ბაზრის გახსნის შედეგად, დაახლოებით 200 მლნ ლარს ზოგავს ქვეყნის მოსახლეობა წელიწადში.

„დაბოლოს კიდევ ერთი საკითხი მინდა თქვენთან ერთად განვიხილო. მოგეხსენებათ, ბატონი ზურა აზარაშვილი მუშაობს აქტიურად მედიკამენტების ფასების შემცირების საკითხზე. ეს რეფორმა ჩვენ დავიწყეთ გასულ წელს, იანვარში. მაშინ, ჩემი ინიციატივით, გაიხსნა თურქეთის ბაზარი და ჩვენ ვთქვით, რომ ხარისხიანი GMP სტანდარტების წამლების შემოტანა დაიწყებოდა, რაც განხორციელდა წარმატებით. მაშინ, გახსოვთ, ძალიან სკეპტიკურად იყო განწყობილი ძალიან ბევრი ადამიანი, არ სჯეროდათ ამ რეფორმის წარმატების. მახსოვს, ერთ-ერთი მთავარი მსხვილი შემომტანი, ფარმაცევტული კომპანიის მფლობელი აკრიტიკებდა ამ პროგრამას. მე მესმის, რომ ეს მათთვის იყო საკმაოდ დიდი დარტყმა, ვინაიდან დაახლოებით 200 მლნ ლარს დაზოგავს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა წელიწადში ამ რეფორმის შედეგად, მხოლოდ ამ ერთი კონკრეტული გადაწყვეტილების შედეგად. ქვეყანაში შემოვიდა, გაჩნდა მეტი კონკურენცია, შემოვიდა ხარისხიანი თურქული მედიკამენტები, რამაც საგრძნობლად გააიაფა. გახსოვთ, რომ კონკრეტული მაგალითები იყო ძალიან ბევრი, როცა წამალი ღირდა 200-300 ლარი, ის გაიაფდა და გახდა 30-40-50 ლარი”- აღნიშნა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურმა სხდომაზე ისაუბრა სოციალურად დაუცველების დასაქმების პროგრამის შესახებ და აღნიშნა, რომ პროგრამით დაახლოებით 30 000 მდე სოციალურად დაუცველი დასაქმდა. პრემიერის განცხადებით ქვეყანაში მინიმუმ 200 000 შრომისუნარიანი სოციალურად დაუცველია და მთავრობის სურვილია, რომ ყველა ეს ადამიანი დასაქმდეს. პრემიერ-მინისტრის თქმით, მნიშვნელოვანია, სოციალურად დაუცველების არა მხოლოდ საზოგადოებრივ საქმიანობაში ჩართვა, არამედ მათი ეტაპობრივი გადასვლა და მათი პროფესიული უნარების განვითარება.

„რამდენიმე თვის წინ ჩვენ დავიწყეთ ახალი ინიციატივის განხორციელება. ეს შეეხებოდა სოციალურად დაუცველების დასაქმებას. ესეც არის ევროპული მოდელი, გამოცდილება. დაახლოებით, 30 000-მდე სოციალურად დაუცველი დასაქმდა უკვე, – ეს არის არის ბევრი, მაგრამ არც ცოტაა, თუმცა რესურსი გაცილებით უფრო მეტია. შრომისუნარიანი სოციალურად დაუცველი ადამიანი, დაახლოებით, 200 000-300 000 ათასი გვყავს, შეიძლება ასე ითქვას, მინიმუმ 200 000. ჩვენი ამოცანა, ჩვენი სურვილია, რომ ყველა ეს ადამიანი დავასაქმოთ, არა მხოლოდ საზოგადოებრივ საქმიანობაში ჩავრთოთ, არამედ ბიზნესში მოხდეს მათი ეტაპობრივი გადასვლა და დასაქმება, მათი პროფესიული უნარების განვითარება. აი, ეს არის ჩვენი მთავარი პრიორიტეტი”- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მთავრობის მეთაურის თქმით, კერძო სექტორი სამუშაო ძალის ნაკლებობას უჩივის და ამაზე ბიზნესის წარმომადგენლებმა მასთან შეხვედრაზეც ისაუბრეს.

„მინდა კიდევ ერთ მტკივნეულ საკითხს შევეხო. იმის მიუხედავად, რომ ამდენი სამუშაო ადგილი შეიქმნა, ძალიან ბევრი დამსაქმებელი, მათ შორის, სამშენებლო სექტორში და სხვა სექტორის დამსაქმებლები, ბიზნესი უჩივის სამუშაო ძალის ნაკლებობას. 100 000-ზე მეტი სამუშაო ადგილი შეიქმნა, მაგრამ მოთხოვნა არის გაცილებით მეტი. გაცილებით მეტი ადამიანი შეიძლება დასაქმდეს ქვეყანაში. მე, პირადად, მქონდა საუბარი ბიზნესის წარმომადგენლებთან, მე მქონდა შეხვედრა მათთან რამდენიმე კვირის წინ და ყველა ამბობს ერთხმად, რომ აუცილებელია სამუშაო ძალის გაზრდა. ეს როგორ უნდა გააკეთოს მთავრობამ. რა თქმა უნდა, მზად არის, რომ ბიზნესთან კიდევ უფრო აქტიური კომუნიკაცია ჰქონდეს და კოორდინირებულად იმუშაოს” – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0