მნიშვნელოვანია, რომ მიმდინარე წლის პირველ ხუთ თვეში – იანვარ-მაისში ექსპორტი გაიზარდა

14/06/2021

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ მაისის თვეში საგარეო ვაჭრობის შესახებ გამოქვეყნებული მონაცემები დადებითად შეაფასა და აღნიშნა, რომ მაისის წინასწარი მონაცემებით, ექსპორტში თითქმის 45%-იანი ზრდა (44.9%) დაფიქსირდა. როგორც ნათია თურნავამ განაცხადა, ასევე მნიშვნელოვანია, რომ მიმდინარე წლის პირველ ხუთ თვეში – იანვარ-მაისში ექსპორტი გაიზარდა 24.4%-ით. მისივე თქმით, ექსპორტი პირდაპირ მონაწილეობს ჩვენი მთლიანი შიდა პროდუქტის, ჩვენი ეკონომიკის ზრდის კომპონენტში და მისი ასეთი მაღალი პროცენტით გაზრდა იმაზე მიანიშნებს, რომ ეკონომიკური ზრდაც ასეთივე მაღალი იქნება.

„დღეს, 2021 წლის მაისში, როდესაც ჯერ კიდევ მძვინვარებს პანდემია, ჩვენი წარმოების, ჩვენი პროდუქციის ექსპორტი უკვე 2019 წლის მაისის დონეზეა, ხოლო წინა წელთან შედარებით, ძალიან მნიშვნელოვანი, თითქმის 45%-იანი ზრდა გვაქვს. ამას იმიტომ აღვნიშნავთ, რომ თითოეული ასეთი მონაცემი გვაძლევს იმის იმედს, რომ გაგრძელდება ეკონომიკური ზრდა ისეთივე მაღალი, როგორც აქამდე დაფიქსირდა და რა თქმა უნდა, სრულიად საფუძვლიანია ჩვენი მოლოდინი, რომ წელიწადს ორნიშნა თუ არა, 6.5 – 6.7%-იანი ეკონომიკური ზრდით მაინც დავამთავრებთ, რაც მართლაც ძალიან დიდი ნახტომია – ეს ნიშნავს, რომ მთლიანად გავანულებთ 2020 წელს პანდემიით მიყენებულ ზიანს“, – განაცხადა მინისტრმა.

რაც შეეხება ეკონომიკურ ზრდას, მინისტრის ინფორმაციით, პრაქტიკულად, სტატისტიკურად ყველა დარგში ფიქსირდება ზრდა, გარდა მომპოვებელი ინდუსტრიისა, სადაც დაახლოებით იგივე დონეა შენარჩუნებული. დარგები, სადაც ზრდა არის, ესენია – გადამამუშავებელი სექტორი, სოფლის მეურნეობა, მომსახურების სფერო, სასტუმროები, ტურიზმი და ა.შ. ნათია თურნავას განცხადებით, ყველაზე დიდი ზრდა 110%-ზე მეტი მშენებლობა-დეველოპმენტის სექტორში ფიქსირდება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0