მნიშვნელოვანია, რომ ასეთ ქართულ წარმოებებს ჩვენ უფრო მეტად დავუჭიროთ მხარი

26/09/2021

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი პროგრამა „აწარმოე საქართველოს“ ბენეფიციარი კომპანია „ელ+“-ის ადგილობრივი საწარმოს და შოურუმის გახსნას დაესწრო. ნათია თურნავა პირადად გაეცნო საწარმოს მუშაობის პროცესს და წარმოებულ პროდუქციას, კერძოდ, სახანძრო უსაფრთხოების ინვენტარს. კომპანია „ელ+“ – მა პირველად საქართველოში, სახანძრო უსაფრთხოების ინვენტარისა და პროდუქციის წარმოება დაიწყო და განავითარა. კომპანიამ სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“, საქართველოს ბანკისა და EBRD-ის პროგრამის ფარგლებში დაფინანსება მოიპოვა და ახალი, ევროპული სტანდარტები, მაღალტექნოლოგიური, თანამედროვე დანადგარებით აღჭურვილი საწარმო დააფუძნა. კომპანიის მიერ განხორციელდა 6.000.000 ლარის ინვესტიცია, საიდანაც 2.000.000 ლარი „აწარმოე საქართველოს“ პროექტის ფარგლებში დაფინანსდა.

„ეს არის ძალიან საინტერესო საწარმო, რომელიც შეიქმნა „აწარმოე საქართველოში“ დახმარებით და ამზადებს ხანძარსაწინააღმდეგო ინვენტარს, ყველაფერს, რაც დაკავშირებულია შენობების ხანძრისგან დაცვასთან.
ამასთან, არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ საწარმო 200-მდე ადამიანს ასაქმებს”, – აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა საწარმოს საქმიანობის გაცნობის შემდეგ.

საწარმო „ელ+“ ცეცხლმაქრებს, სახანძრო კარებს, ცეცხლგამძლე კარადებს, ცეცხლმედეგ ვენტილირებად ფასადებს, მეტალის სტელაჟებსა და სხვა პროდუქციას აწარმოებს. ტერიტორიაზე ასევე განთავსებულია ევროპული სტანდარტების მქონე სამღებრო. აღსანიშნავია, რომ კომპანია ეტაპობრივად და მიზანმიმართულად ანაცვლებს იმპორტს ადგილობრივი წარმოებით.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ასეთ ქართულ წარმოებებს ჩვენ უფრო მეტად დავუჭიროთ მხარი. ეს შესაძლებელი იქნება ჩვენი განახლებული, გაფართოებული პროგრამის ფარგლებში, რადგან სწორედ ეს არის იმპორტის ჩამნაცვლებელი წარმოება, რომელიც იმდენად ხარისხიან ინვენტარს ამზადებს, რომ ძირითადად მოთხოვნა ჩვენი სამშენებლო კომპანიებიდან, ჩვენი ორგანიზაციებიდან სწორედ ამ ქართული წარმოების ხანძარსაწინააღმდეგო ინვენტარსა და დანადგარებზე მოდის“, – აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0