საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტმა, „კონრად ადენაუერის ფონდთან“ თანამშრომლობით, ევროპის დღის კვირეული ჩაატარა, რომლის დასკვნითი ღონისძიება საქართველოს პარლამენტის სასახლეში გაიმართა.ღონისძიების მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა მიმართა.
„ევროპის დღე ჩვენი ქვეყნისთვის არ არის მხოლოდ სიმბოლური, ჩვენი საზოგადოებისთვის და ჩვენი ქვეყნისთვის ამ დღეს განსაკუთრებული დატვირთვა აქვს. ევროპის დღე ევროპაში მშვიდობისა და ერთიანობის სიმბოლოა, საითკენაც ჩვენი ქვეყანა დამოუკიდებლობის აღდგენის პირველივე დღეებიდან მიისწრაფვის. ევროკავშირში გაწევრიანების მიზნის მისაღწევად ჩვენ ბოლო წლებში მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადავდგით, წარმატებით ვასრულებთ ასოცირების შეთანხმებას და მნიშვნელოვან რეფორმებს ვახორციელებთ, რაც ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული კონსოლიდაციისთვის, ადამიანის უფლებების უკეთ დაცვისთვის, კანონის უზენაესობის განმტკიცებისთვის და ევროკავშირის ეკონომიკურ სივრცეში ინტეგრაციისთვის არის აუცილებელი. დღეს საქართველო ევროკავშირთან არის უფრო ახლოს ვიდრე ოდესმე და ვემზადებით იმისთვის, რომ საბოლოო მიზნის მისაღწევად, რომელსაც ევროკავშირში გაწევრიანება ჰქვია, უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი გადავდგათ. 2024 წელს საქართველო ოფიციალურ განაცხადს გააკეთებს ევროკავშირში გაწევრიანებისთვის და ეს ნაბიჯი ევროკავშირში ინტეგრაციას მეტ სიმტკიცეს შემატებს. ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯების პარალელურად მნიშვნელოვანია ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესების მიმართ საქართველოს მოქალაქეების მხარდაჭერის შემდგომი გაძლიერება, საზოგადოების ყველა წევრის, მათ შორის ახალგაზრდა თაობის აქტიური ჩართულობა. სწორედ ამ მიზანს ემსახურებოდა „ევროპის კვირეულის“ ფარგლებში ევროკავშირის გაფართოების კურსის ორგანიზება“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
ღონისძიების მონაწილეებს პარლამენტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, ლევან იოსელიანმა და საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა მიმართეს. პარლამენტის თავმჯდომარე ახალგაზრდებს საქართველოს საგარეო კურსსა და დასავლურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გზაზე მიღწეულ პროგრესზე ესაუბრა. კახა კუჭავამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროპულ ოჯახში დაბრუნება ქართველი ხალხის ისტორიული არჩევანია და საქართველო ამ კურსის ერთგული რჩება, რაც საკონსტიტუციო რეფორმის შედეგად, ქვეყნის მთავარ კანონშიც აისახა.
„მნიშვნელოვანია ის ქმედებები, რომლებსაც ვახორციელებთ და ის შედეგები, რომელსაც ევროინტეგრაციის გზაზე ვაღწევთ. ასოცირების შეთანხმება იყო უმნიშვნელოვანესი ხელმოწერილი დოკუმენტი, რომელმაც საფუძველი დაუდო იმ ვალდებულებების აღებას, რომლის შესრულების შემდეგაც, საშუალება მოგვეცემოდა გვეთქვა, რომ შეიძლება, გავხდეთ ევროკავშირის წევრი ქვეყანა. ჩვენ გავაკეთეთ ოფიციალური განცხადება, რომ 2024 წელს ვიქნებით მზად, შევიტანოთ განაცხადი ევროკავშირის სრულ წევრობაზე. ეს ძალიან ახლოს არის. მივიღეთ ძალიან პოზიტიური შეფასებები ევროპარლამენტებისგან, რომლებიც პოზიტიურად უყურებენ ამ პროცესს, პირველ რიგში, იმ განვლილი გზის გამო, რომელიც არა მხოლოდ აღმასრულებელმა ხელისუფლებამ, არამედ საქართველოს პარლამენტმა და ყველა იმ ინსტიტუტებმა, რომლებიც ჩართულები იყვნენ, ნამდვილად ღირსეულად გავიარეთ. ჩვენ უნდა გვქონდეს ძალიან ამბიციური გეგმა 2024 წლისთვის, რომელიც მოგვცემს იმის საფუძველს და საშუალებას, რომ ჩვენ ეს განაცხადი შევიტანოთ და მოვემზადოთ ევროკავშირის სრულფასოვანი წევრობისთვის“, – მიმართა კახა კუჭავამ სტუდენტებს.
„მინდა მივმართო სტუდენტებს, რომლებიც პარლამენტში შემოვიდნენ მაშინ, როდესაც ჯერ კიდევ პოლიტიკური პარტიების ნაწილი არ არის შემოსული. დღეს ჩვენ, სწორედ პოლიტიკურმა პარტიებმა – ოპოზიციამ, მმართველმა პარტიამ შევაბიჯეთ პოლიტიკური განვითარების ახალ ეტაპზე, როდესაც პირველად საქართველოს ისტორიაში პოლიტიკური კრიზისი ფაქტიურად დასრულდა და გადაიჭრა მოლაპარაკებების გზით. თქვენთვის ცნობილია რა რთული პერიოდი უძღოდა ამ ყველაფერს წინ და ვისი ძალისხმევით მოხდა კრიზისის დაძლევა. რა თქმა უნდა, ჩვენი ევროპელი და ამერიკელი მეგობრების“, – აღნიშნა ლევან იოსელიანმა.
საქართველოში ევროკავშირის ელჩი ღონისძიების მონაწილეებს ვიდეო მიმართვის ფორმატში მიესალმა.
„მივესალმები მონაწილეებს, რომლებმაც გასული კვირა ევროკავშირის სულისკვეთებით გაატარეს. ეს სულისკვეთება განსაზღვრავს არა მხოლოდ იმ თემატიკას, რაზეც თქვენ მუშაობდით, არამედ ამავდროულად განსაზღვრავს იმ მეთოდებსა თუ საშუალებებს, რომელსაც თქვენ შედეგების მისაღწევად იყენებდით, ეს კი მოლაპარაკებები და კომპრომისი გახლავთ. სწორედ ამ სულისკვეთებამ შეცვალა ევროპა 71 წლის წინ და სწორედ ეს სულისკვეთება არის მიზეზი, რის გამოც ვზეიმობთ ევროპის დღეებს“, – განაცხადა კარლ ჰარცელმა.
ღონისძიებაზე საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებმა ევროკავშირის გაფართოების სიმულაციურ მოლაპარაკებებსა და საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე ევროპარლამენტის მოდელირებულ დებატებში მიიღეს მონაწილეობა. ღონისძიების დასასრულს, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა და განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა კვირეულში ჩართულ სტუდენტებს სერტიფიკატები გადასცეს. მონაწილე სტუდენტებიდან 8 გამარჯვებული ახალგაზრდა „კონრად ადენაუერის ფონდის“ მხარდაჭერით, სასწავლო ვიზიტით ბრიუსელში, ევროკავშირის ინსტიტუტებში გაემგზავრებიან.