გია ვოლსკის მიაჩნია, რომ ტერაქტის საქმე „პოლიტიკური ჯგუფების განხილვისგან უნდა მოიკვეთოს”. მნიშვნელობა აქვს იმას, რომ გამოძიებამ პოლიტიკოსების ყოველგვარი განცხადებების გარეშე ეს საქმე ბოლომდე მიიყვანოს.
”პოლიტიკური განცხადებებისგან თავს შევიკავებდი, რადგან ეს ძალიან სერიოზული და მნიშვნელოვანი საქმეა. მე მოვისმინე კომენტარი, რომ ამ ინფორმაციით ”ქართულ ოცნებას” სხვა საკითხებზე ყურადღების გადატანა და მათი გადაფარვა სურს, რაც ცოტა არ იყოს სპეკულაციას ჰგავს. მნიშვნელობა აქვს იმას, რომ გამოძიებამ პოლიტიკოსების ყოველგვარი განცხადებების გარეშე ეს საქმე ბოლომდე მიიყვანოს. წინასწარი მონაცემებით, ფაქტი არის დადასტურებული. ძალიან მძიმე ფაქტია. ის ამბავი, რომ ადამიანი დადიოდა ხშირად უკრაინაში, ესეც ფაქტია, ვინაიდან ფაქტი რომ არ იყოს, გამოძიება ამის თაობაზე განცხადებას არ გააკეთებდა. დანარჩენი ყველა სხვა საკითხი პოლიტიკური ჯგუფების განხილვისგან უნდა მოიკვეთოს”, – განაცხადა ვოლსკიმ.
როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, სუს-მა საქართველოში ტერორისტული აქტი აღკვეთა. როგორც უწყებაში გამართულ ბრიფინგზე ითქვა, გამოძიებით დადგენილია, რომ საქართველოს 5 მოქალაქე სოფელ საგურამოს მიმდებარე ტერიტორიაზე, მდინარე არაგვზე გამავალი რუსეთ-სომხეთის დამაკავშირებელი გაზსადენი მილის ღია მონაკვეთზე აფეთქებას ამზადებდა. როგორც სუს-ში განაცხადეს, ამ პირების გარდა, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციასთან ერთობლივად დაკავებულია საპატრულო პოლიციის მოქმედი თანამშრომელი ლევან მ, დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე საქართველოს ერთი მოქალაქე ირაკლი ბ.
”გამოძიებით დადგენილია, რომ დასახელებული პირები ამზადებდნენ სოფელ საგურამოს მიმდებარე ტერიტორიაზე, მდინარე არაგვზე გამავალი რუსეთ-სომხეთის დამაკავშირებელი გაზსადენი მილის ღია მონაკვეთის აფეთქებას.”, – განაცხადეს სუს-ში.
როგორც სუს-ში აღნიშნეს, საქართველოში ტერაქტის მომზადების საქმეზე დაკავებულთაგან ერთ-ერთი ხშირად ჩადიოდა უკრაინაში, თუმცა როგორც უწყებაში განმარტეს, ჯერჯერობით დაუდგენელია, იმართებოდა თუ არა ეს ჯგუფი ამ ქვეყნიდან.