“ძალიან მნიშვნელოვანია ტურიზმთან მიმართებაში ახალი და არსებული საკურორტო მდებარეობების განვითარება, რომლისთვისაც 2023 წელს 200 მილიონი ლარი იქნება გამოყოფილი. ამისათვის მზადდება შესაბამისი კონცეფციები,“-განაცხადა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ. მინისტრის განცხადებით, მნიშვნელოვანი და საინტერესო გამოცდილება დაგროვდა „განახლებული რეგიონების“ პროგრამის ფარგლებში, რომელიც ასევე გაგრძელდება იმ შინაარსით რა შინაარსიც მას გააჩნდა და დამატებით დაიწყება ახალი ტურისტული ლოკაციების განვითარების პროგრამა. იმ ეფექტს, რომელიც 63 მუნიციპალიტეტში უკვე მიღწეულია დაემატება კიდევ ახალი მდებარეობები, რომელიც ახალ შესაძლებლობებს გააჩენს, ხელს შეუწყობს ტურიზმის განვითარებას უშუალოდ რეგიონებში და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის მნიშვნელოვან გაუმჯობესებას.
“მთლიანობაში, სამინისტროს 2023 წლის ბიუჯეტი ნამდვილად არის რეკორდული, კარგი მაჩვენებლები გვაქვს მიმდინარე წლის ბიუჯეტის შესრულების და გვაქვს სრული საფუძველი ვთქვათ, რომ მომდევნო წელი კიდევ უფრო საინტერესო და დატვირთული იქნება. მომევნო წლის ბიუჯეტით აბსოლუტურად ყველა მიმდინარე უმნიშვნელოვანესი პროექტი, მათ შორის ყველა მიმართულებით, რაც კი სამინისტროს კომპეტენციაში შედის – საავტომობილო გზების, წყალმომარაგების და წყალარინების სიტემების, მუნიციპალური განვითარების, მყარი ნარჩენების მართვის მიმართულებით – მხარდაჭერილია და არის კიდევ ახალი ინიციატივები, პროექტები და პროგრამები,“- განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.