მკაცრი სისტემური შეზღუდვები არ იგეგმება, გრძელდება წერტილოვანი შეზღუდვების გამოყენების პრაქტიკა

14/10/2020

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში დღეს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა. სხდომაზე აღინიშნა, რომ კორონავირუსით ინფიცირების ზრდის მიუხედავად, რომელთაგან, გასული 24 საათის განმავლობაში ყველაზე მეტი შემთხვევა თბილისში გამოვლინდა, მკაცრი სისტემური შეზღუდვები არ იგეგმება. ვირუსთან ადაპტაციის და მართვის ეტაპზე, გრძელდება წერტილოვანი შეზღუდვების გამოყენების პრაქტიკა, რომელიც საჭიროების შემთხვევაში ლოკალურად წესდება. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო მოქალაქეებს კიდევ ერთხელ მოუწოდებს, ატარონ პირბადე, დაიცვან სოციალური დისტანცია და მაქსიმალურად მოერიდონ ხალხმრავალ შეკრებებში მონაწილეობას. თბილისში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების ზრდის გათვალისწინებით, კვლავ აქტუალურია რეკომენდაცია ღია სივრცეებში პირბადის გამოყენების შესახებ. რაც შეეხება კლინიკებში არსებულ მდგომარეობას, ინფიცირებულების მატება საწოლების დეფიციტს არ გამოიწვევს, რამდენადაც, დამატებითი საწოლების მობილიზაციის კუთხით ჯანდაცვის სამინისტრო მუდმივ რეჟიმში აქტიურად მუშაობს. კოვიდ-19-თან ბრძოლის პროცესში ეტაპობრივად ჩაერთვებიან დამატებითი კლინიკები, საჭიროების შემთხევაში დამატებითი საწოლების მობილიზებისთვის. საბჭოს სხდომაზე აღინიშნა, რომ მართვის ეტაპზე ერთ-ერთი განსაკუთრებული როლი და ფუნქცია პირველადი ჯანდაცვის რგოლს ეკისრება, რაც გულისხმობს პაციენტების მართვას კოვიდსასტუმროებში ან ბინაზე, ოჯახის ექიმების კონსულტაციებით. სწორედ ამიტომ, ასევე განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ამ რგოლის მაქსიმალურად გამართულად მუშაობას. ჯანდაცვის უწყების მონაცემებით, დღევანდელი მდგომარეობით საქართველოს მასშტაბით არსებულ კლინიკებში კორონავირუსით ინფიცირებული 2200-მდე პაციენტი მკურნალობს, რომელთა მკურნალობა თენგიზ ცერცვაძის ხელმძღვანელობით მოქმედი კლინიკური ჯგუფის ზედამხედველობით მიმდინარეობს. რეანიმაციული საჭიროებების მქონე პაციენტების მკურნალობა კი სპეციალურად შექმნილი რეანიმატოლოგების ჯგუფის მეთვალყურეობით ხორციელდება. დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 13 521 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, საიდანაც 7 159 პირი გამოჯანმრთელდა. უცხოეთიდან სამკურნალოდ საქართველოში გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე. გარდაცვლილია 109 ადამიანი.
ამ ეტაპზე კარანტინში იმყოფება 5590 ადამიანი, კოვიდ-სასტუმროებში – 1393 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ – 836 პირი. პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მუშაობაში აქტიურად მონაწილეობენ საქართველოს პარლამენტი, თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძის ხელმძღვანელობით და პრეზიდენტის ადმინისტრაცია.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0