საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხეილ ჯანელიძემ გამართა გაცნობითი ხასიათის შეხვედრა საქართველოში ისრაელის სახელმწიფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, იუვალ ფუქსთან.
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ორმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგში არსებული საკითხები და სამომავლო გეგმები. ორივე მხრიდან გამოითქვა მზადყოფნა, რომ მოხდეს ურთიერთობების ინტენსიფიკაცია და მაქსიმალურად იქნას გამოყენებული ქვეყნებს შორის თანამშრომლობის განვითარების დიდი პოტენციალი, მათ შორის ეკონომიკისა და კულტურის მიმართულებით. აღინიშნა საქართველოსა და ისრაელის სახელმწიფოს შორის მზარდი ტურისტული ნაკადის პოზიტიური დინამიკა და დარგობრივ უწყებებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებისა და გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობა.
შეხვედრისას ასევე განიხილეს ჩვენს რეგიონში, ახლო აღმოსავლეთსა და მსოფლიოში არსებული გლობალური გამოწვევები.
ისრაელის მხარეს მიეწოდა ინფორმაცია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული საგანგაშო ვითარების, მცოცავი ანექსიისა და ადგილობრივი ქართველების მიმართ ახალი დისკრიმინაციული რეგულაციების მიღების თაობაზე, რაც კიდევ უფრო ამძიმებს ადამიანის უფლებების მდგომარეობას ოკუპირებულ ტერიტორიებზე.
ისრაელის მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს სუვერენიტეტისა და საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში მისი ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერა.
მიხეილ ჯანელიძე საქართველოში ისრაელის სახელმწიფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა
11/03/2016