საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ გამართა გაცნობითი შეხვედრა საქართველოში კატარის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან მუბარაქ ბინ ნასერ მუბარაქ ალ ხალიფასთან.
კატარის ელჩმა მიხეილ ჯანელიძეს გადასცა კატარის საგარეო საქმეთა მინისტრის მილოცვა თანამდებობაზე დანიშვნასთან დაკავშირებით და დაუდასტურა კატარის მინისტრის მზადყოფნა წვლილი შეიტანოს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის კიდევ უფრო განვითარებაში.
შეხვედრისას მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და კატარის ორმხრივი ურთიერთობები და თანამშრომლობის შემდგომი განვითარების პერსპექტივები. აღინიშნა უკანასკნელ პერიოდში ორ ქვეყანას შორის გააქტიურებული ურთიერთობები მრავალი მიმართულებით, მათ შორის თანამშრომლობა დარგობრივ უწყებებს შორის, სამართლებრივი ბაზის სრულყოფა, მაღალი დონის ვიზიტების გაცვლა, კულტურული კავშირების განმტკიცება და სხვა. ამასთან, მხარეებმა ხაზი გაუსვეს საქართველოში კატარული ინვესტიციების მოზიდვის დიდ პოტენციალს და შეთანხმდნენ, რომ გააგრძელებენ ამ მიმართულებით კონკრეტულ პროექტებზე მუშაობას. კატარის ელჩმა დაადასტურა კატარული კომპანიების დიდი დაინტერესება აწარმოონ ბიზნეს საქმიანობა საქართველოში.