მიხეილ ჯანელიძე პოლონეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს შეხვდა

10/10/2017

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ შეხვედრა გამართა საქართველოში ვიზიტად მყოფ პოლონეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან იოანნა ვრონეცკასთან.
შეხვედრის ფარგლებში საუბარი შეეხო საქართველოსა და პოლონეთის რესპუბლიკას შორის არსებულ ურთიერთობებს. ხაზი გაესვა ორი ქვეყნის მაღალი დონის აქტიურ პოლიტიკურ დიალოგს. მხარეებმა დააფიქსირეს მზადყოფნა ხელი შეუწყონ ეკონომიკური თანამშრომლობის შემდგომ განვითარებას.
მიხეილ ჯანელიძემ პოლონეთის მხარეს მადლობა გადაუხადა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ასევე საქართველოს ევროკავშირსა და ნატო-ში ინტეგრაციის პროცესის მტკიცე, პოლიტიკური მხარდაჭერისათვის.
იოანნა ვრონეცკამ, როგორც პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში განვითარების პროგრამაზე პასუხისმგებელმა პირმა, შეაჯამა ვიზიტის ფარგლებში საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებთან გამართული ნაყოფიერი შეხვედრები და გამოხატა პოლონეთის მხარის მზადყოფნა საქართველოსათვის პრიორიტეტული მიმართულებებით ახალი პროექტების განხორციელების თაობაზე.
მრავალმხრივი დიპლომატიის ფარგლებში თანამშრომლობაზე საუბრისას, მხარეებმა მიმოიხილეს საქართველოსა და პოლონეთს შორის არსებული დღის წესრიგი და მომავალი ურთიერთქმედების აუცილებლობას გაუსვეს ხაზი.
საქართველოს ვიცე-პრემიერმა დეტალურად ისაუბრა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე. პოლონეთის მხარეს გააცნო ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების თვალსაზრისით არსებული მძიმე მდგომარეობა.
იოანნა ვრონეცკამ ქართულ მხარეს მადლობა გადაუხადა მასპინძლობისათვის და მომავალშიც ნაყოფიერი თანამშრომლობის იმედი გამოთქვა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0