მიხეილ ჯანელიძე ლტოლვილთა საკითხებში გაერო-ს უმაღლესი კომისრის წარმომადგენელს სამხრეთ კავკასიაში იოჰანეს ვან დერ კლაუსს შეხვდა

07/11/2017

საქართველოს ვიცე პრემიერ-მინისტრმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ შეხვედრა გამართა ლტოლვილთა საკითხებში გაერო-ს უმაღლესი კომისრის (UNHCR) წარმომადგენელთან სამხრეთ კავკასიაში, იოჰანეს ვან დერ კლაუსთან.
შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილ რთულ ჰუმანიტარულ ვითარებაზე. შეშფოთება გამოითქვა ოკუპირებულ ტერიტორიებზე ეთნიკურად ქართველი მოსახლეობის დისკრიმინაციასთან, თავისუფალი გადაადგილებისა და მშობლიურ ენაზე განათლების მიღების უფლებების შეზღუდვასთან დაკავშირებით.
შეხვედრაზე ყურადღება ასევე გამახვილდა იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა თავიანთ საცხოვრებლებში უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების აუცილებლობაზე. UNHCR-ის წარმომადგენლის მხრიდან, აღინიშნა საქართველოს ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯები, თავიანთ სახლებში დაბრუნებამდე, დევნილთა მდგომარეობის გასაუმჯობესებლად.
შეხვედრის დასასრულს, ქართულმა მხარემ UNHCR-ის ოფისს მადლობა გადაუხადა აქტიური თანამშრომლობისა და საქართველოში მიმდინარე ჰუმანიტარული პროექტებისთვის, რომლებიც მიზნად ისახავს ოკუპირებული რეგიონებიდან დევნილთა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე დარჩენილი მოსახლეობის დახმარებას.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0