საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ისრაელის სახელმწიფოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს ციპი ხოტოველს შეხვდა, რომელიც სამდღიანი ვიზიტით საქართველოში იმყოფება. შეხვედრაზე კიდევ ერთხელ ხაზი გაესვა საქართველოსა და ისრაელს შორის მრავალსაუკუნოვან მეგობრობასა და პარტნიორულ ურთიერთობებს. მხარეებმა განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგში არსებული აქტუალური საკითხები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ორი ქვეყნის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხების განხილვას. ამ მიმართულებით მნიშვნელოვანია საქართველო-ისრაელის ერთობლივი ეკონომიკური კომისიის ფორმატი, რომლის მორიგი სხდომაც უახლოეს მომავალში შედგება.
ციპი ხოტოველის განცხადებით, ისრაელის მოქალაქეებისათვის საქართველო ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი ტურისტული მიმართულებაა. 2016 წლის იანვარი-ნოემბრის პერიოდში საქართველოში ისრაელიდან ტურისტების რაოდენობამ 100 000 შეადგინა, რაც 57%-ით აღემატება გასული წლის ამავე პერიოდის მონაცემებს.
მხარეებმა ხაზი გაუსვეს თანამშრომლობის გაღრმავებას კულტურისა და განათლების სფეროში. ისრაელი მზად არის კვლავ გააგრძელოს საქმიანობა, სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელთან ქართველი სპეციალისტებისათვის ისრაელის გამოცდილების გაზიარების მიმართულებით.
შეხვედრაზე ასევე განხილულ იქნა ახლო აღმოსავლეთის რეგიონში არსებული ვითარება და გამოწვევები, რაც გავლენას ახდენს რეგიონისა და გლობალურ უსაფრთხოებაზე.
2017 წელს საქართველოსა და ისრაელს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლისთავი აღინიშნება, რომლის ფარგლებშიც იგეგმება სხვადასხვა კულტურული ღონისძიებების გამართვა.
აღსანიშნავია, რომ ეს ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის პირველი ოფიციალური ვიზიტია საქართველოში. ვიზიტის ფარგლებში მან ასევე შეხვედრები გამართა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციაში.
მიხეილ ჯანელიძე ისრაელის სახელმწიფოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს შეხვდა
23/12/2016