საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ თურქეთში ოფიციალური ვიზიტის დასასრულს შეხვედრა გამართა თურქეთში საქართველოს დიასპორის წარმომადგენლებთან, კერძოდ თურქეთში მცხოვრებ ქართველ სტუდენტებთან.
საგარეო საქმეთა მინისტრმა ქართველ ახალგაზრდებს ინფორმაცია მიაწოდა დიასპორასთან ურთიერთობის პროცესში სახელმწიფოს პრიორიტეტებსა და მიზნებზე. შეხვედრაზე მინისტრმა ასევე მოისმინა ინფორმაცია თურქეთში მცხოვრები ქართველი ახალგაზრდების საჭიროებებზე და მათ სამინისტროს შესაბამისი დეპარტამენტის საქმიანობაში მეტ ჩართულობასა და კოორდინაციას დაპირდა. შეხვედრა თურქეთში საქართველოს საელჩოში გაიმართა, ღონისძიებას თურქეთში საქართველოს ელჩი ირაკლი კოპლატაძე და საგარეო საქმეთა სამინისტროს დიასპორასთან ურთიერთობის დეპარტამენტის დირექტორი რატი ბრეგაძე ესწრებოდნენ.