გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ შეხვედრა გამართა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან მევლუთ ჩავუშოღლუსთან.
მინისტრებმა მიმოიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის აქტუალური საკითხები. კიდევ ერთხელ აღინიშნა საქართველოსა და თურქეთის, როგორც სტრატეგიული პარტნიორების წარმატებული თანამშრომლობა ყველა ძირითადი მიმართულებით. დადებითად შეფასდა ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის ფორმატის დაფუძნება, რომლის პირველი სხდომაც მიმდინარე წლის ივლისში თურქეთის რესპუბლიკის დედაქალაქში, ანკარაში გაიმართა.
მინისტრებმა გამოხატეს მზადყოფნა მომავალშიც აქტიურად შეუწყონ ხელი ორმხრივი თანამშრომლობის კიდევ უფრო განვითარებას. თურქეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა მადლობა გადაუხადა საქართველოს თურქი ხალხისა და თურქეთის დემოკრატიულად არჩეული მთავრობის მხარდაჭერისთვის. მან ასევე კიდევ ერთხელ დაადასტურა თურქეთის უპირობო მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიულ მთლიანობის მიმართ, ისევე როგორც თურქეთის ხელისუფლების გამოკვეთილი მხარდაჭერა საქართველოს ევრო- ატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. მხარეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში ორი ქვეყნის წარმატებული თანამშრომლობა. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა თურქი კოლეგა საქართველოში მოიწვია.