საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მიხეილ ჯანელიძე “ვიშეგრადის ოთხეულისა” და “აღმოსავლეთ პარტნიორობის” ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაში მონაწილეობს, რომელიც 2016 წლის 4 მაისს ქ. პრაღაში იმართება.
მინისტრი მონაწილეობას მიიღებს პლენარულ სესიაში, სადაც განხილული იქნება “აღმოსავლეთ პარტნიორობის” ფორმატში რიგის სამიტზე შეთანხმებული პრიორიტეტების განხორციელების საკითხი, თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები და განახლებული ევროპული სამეზობლო პოლიტიკის ფარგლებში “აღმოსავლეთ პარტნიორობის” ფორმატის გაძლიერების საკითხი.
შეხვედრაში ვიშეგრადის ოთხეულის, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისა და ევროკავშირის მაღალი რანგის წარმომადგენლები მონაწილეობენ.
მინისტერიალის ფარგლებში საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი ორმხრივ შეხვედრებს გამართავს კოლეგებთან.
„ვიშეგრადის ოთხეულის“ და „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ქვეყნების შეხვედრა საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე წელიწადში ერთხელ იმართება, ვიშეგრადის ჯგუფის თავმჯდომარე ქვეყნის ორგანიზებით. აღნიშნული შეხვედრები ტარდება „ვიშეგრადის ოთხეულის აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამის“ ფარგლებში (V4+EaP), რომელიც 2011 წელს იქნა ინიცირებული ვიშეგრადის ჯგუფის მთავრობების მიერ „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ქვეყნებთან თანამშრომლობის გასააქტიურებლად.