მიხეილ ჯანელიძე ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარს შეხვდა

24/05/2016

ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე შეხვდა ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების მოლაპარაკებათა საკითხებში ევროკომისარს, იოჰანეს ჰანს.

შეხვედრაზე მხარეებმა დადებითად შეაფასეს ასოცირების შეთანხმების განხორციელება და მიესალმნენ ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილებას შეთანხმების რატიფიკაციის დასრულების თაობაზე. გამოითქვა იმედი, რომ ევროკავშირი უახლოეს პერიოდში მიიღებს გადაწყვეტილებას საქართველოს მოქალაქეებისთვის მოკლევადიანი უვიზო რეჟიმის შემოღების შესახებ, რაც ქვეყნისთვის ევროკავშირთან დაახლოების პროცესში კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება.

შეხვედრაზე მხარეებმა მიმოიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის მნიშვნელოვანი მიმართულებები, მათ შორის ხაზი გაესვა ევროკავშირის მხარდაჭერით საქართველოში მიმდინარე პროექტებს, რაც ხელს უწყობს ქვეყნის, როგორც ინსტიტუციურ, ასევე ეკონომიკისა და ბიზნესის მიმართულებით განვითარებას. ამ კონტექსტში კიდევ ერთხელ აღინიშნა DCFTA-ს ეფექტურად განხორციელებისათვის ევროკავშირის მიერ ინიცირებული ახალი ფინანსური ინსტრუმენტის მნიშვნელობა, რომელიც 26 მაისიდან ამოქმედდება.

ევროკავშირის მხრიდან გამოითქვა მზაობა დამატებით შეუწყოს ხელი საქართველოში ეფექტიანი მმართველობისა და სახელმწიფო ინსტიტუტების განვითარებას.

სექტორულ სფეროში თანამშრომლობის თვალსაზრისით ხაზი გაესვა სატრანსპორტო მიმართულებით საქართველოს, აღმოსავლეთ პარტნიორობის დანარჩენი ქვეყნებსა და ევროკავშირს შორისთანამშრომლობის არსებულ პოტენციალს და მისი სრულად გამოყენების მნიშვნელობას. აღინიშნა ევროპის ენერგოუსაფრთხოების უზრუნველყოფაში საქართველოს მნიშვნელოვანი როლი.

მხარეებმა, ასევე, მიმოიხილეს რეგიონში უსაფრთხოების კუთხით შექმნილ ვითარება და საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ მდგომარეობა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0